
ბათუმში, ერას მოედანზე სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და რიგითი ბათუმელები იკრიბებიან. ისინი "ქართული ოცნების" რუსულ კანონს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები დილიდან განმარტავენ, რატომ არ უნდა მიიღოს ხელისუფლებამ რუსული კანონი, ასაბუთებენ რატომ არის კანონპროექტი რუსული და რომ მისი მიღებით საქართველო შორდება ევროკავშირს.
ბათუმში მიმდინარე აქციას ესწრება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი, ლადო აფხაზავაც. მისი თქმით, გასული წლის პროტესტის და მიღწევის შემდეგ არ ეგონა, რომ ამ კანონს კიდევ ერთხელ დააინიცირებდნენ. მან "ოცნებას" მოუწოდა, კანონი გაიწვიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში "ისინი მიიღებენ ძალიან დიდ პროტესტს."
ბათუმში აქცია-მსვლელობას მთელი დღის განმავლობაში მართავდნენ სტუდენტები. ახალგაზრდებმა პროტესტი შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტშიც გამოხატეს - მიუხედავად ლექტორ-მასწავლებლების წინააღმდეგობისა, მათ მაინც მოახერხეს აუდიტორიებში შესვლა და დაფებზე დაწერა, რომ საპროტესტო აქცია იმართებოდა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე