მოვუწოდებთ პარლამენტს, უარი თქვას რუსულ კანონზე | LBS-ის კურსდამთავრებულები და სტუდენტები

გამოქვეყნდა:

ლონდონის ბიზნეს სკოლის (London Business School) კურსდამთავრებულები და სტუდენტები პარლამენტში ინიცირებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და პარლამენტს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნულ კანონპროექტზე. განცხადებას BM.GE ავრცელებს.

იხილეთ სრულად: 

ლონდონის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა უმრავლესობა (წინააღმდეგი არავინაა) ვეხმაურებით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და მიგვაჩნია, რომ ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირება დაუშვებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს.

ამგვარი საკანონმდებლო ინიციატივა აფერხებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას. საქართველოს აქვს გაცხადებული ევროატლანტიკური კურსი, ევროპული ღირებულებები აღიარებულია საქართველოს უზენაესი კანონით, კონსტიტუციით, და ამავდროულად წარმოდგენილ კანონპროექტს გმობს და აკრიტიკებს ჩვენი ქვეყნის მეგობარი ქვეყნები, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოება, ევროკავშირი და აშშ. გასულ წელს საქართველოს საზოგადოების მასშტაბური პროტესტის გამო მმართველმა პარტიამ ეს კანონპროექტი გაიწვია, თითქოს სამუდამოდ. თუმცა, კვლავ მოახდინა მისი ხელმეორედ წარდგენა პარლამენტში.

ქართული საზოგადოებისა და ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მიერ დაგმობილი კანონპროექტის კვლავ ინიცირება მოკლებულია ჯანსაღ ლოგიკას. ყველა ცივილური ქვეყნის საელჩო თუ წარმომადგენლობა მოგვიწოდებს ამ კანონპროექტის არმიღებისკენ. მიუხედავად საზოგადოების აღშფოთებისა, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკისა, საქართველოს პარლამენტი აგრძელებს ე.წ. “რუსულ” კანონზე მსჯელობას რაც გუშინ მასზე იურიდიული კომიტეტის მხარდაჭერით გამოიხატა. ეს მიუღებელია.

წარმოდგენილი “რუსული” კანონის მიღების აუცილებლობა ან მიზანი არ არის სათანადოდ დასაბუთებული. “გამჭვირვალობის” მოტივის დასახელება ამგვარი ანტისახელმწიფოებრივი კანონის მისაღებად სრულიად დაუშვებელია, იმ ფონზე, რომ უცხოური გრანტის მიმღები ორგანიზაციების გამჭვირვალობა ისედაც უზრუნველყოფილია.

ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს. სამწუხაროდ, შთაბეჭდილება იქმნება, რომ “რუსული” კანონის ინიცირებით ხელისუფლება ცდილობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია განზრახ შეაფერხოს.

ლონდონის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულები და სტუდენტები მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს იმოქმედოს ქვეყნის ინტერესებისა და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი