დოლიძეს ოპერაცია გაუკეთდა, იდაყვი მოტეხილი აქვს, ფეხზე აქვს ჭრილობა, მის გვერდით მდგომებსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ | გეგუჩაძე დაშლაზე

გამოქვეყნდა:

ღამით რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებს სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. სხვადასხვა მედიისა და მოქალაქეების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ სპეცრაზმელები დემონსტრანტებს ჩიხებში მისდევდნენ და ურტყამდნენ. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ მინიმუმ სამ ჟურნალისტს - "ტაბულას", "აპრილისა" და "პუბლიკას" რეპორტიორებს.  "პუბლიკას" ჟურნალისტი, ალექსანდრე ქეშელაშვილი ყვება, რომ დაშლის დროს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა - "მხოლოდ იმას ვამბობდი, რომ ჟურნალისტი ვარ, გამიშვით უკან, არ გეხებით, მაგრამ ერთი გაჩერდა მაგრამ სხვები მოცვივდნენ, ჩამარტყეს, სახეში მომხვდა ერთხელ, მგონი მკლავშიც, მხარში, წამართვეს ტელეფონი". 

დაშლის დროს დაშავდა და ოპერაცია დასჭირდა აქტივისტ მარიამ დოლიძეს:

"მარიამ დოლიძის ოპერაცია დღეს დასრულდა, გაგრძელდა ორი საათი. ამ შემთხვევაში ოპერაცია გაუკეთდა იდაყვზე, რადგანაც აქვს იდაყვის მოტეხილობა, გუშინ მაშინ როდესაც ხალხი თითქმის  ფაქტობრივად  დაიშალა და რაღაც პატარ-პატარა რაოდენობა გადანაწილებული იყო ადამიანების სხვადასხვა ქუჩაზე, იჯდა, დაინახა რომ მათკენ მორბოდნენ სპეცრაზმელები და შემდეგ როდესაც ადგა და სცადა გაქცევა, რომ თავი დაეღწია, როდესაც ის დავარდა, რადგან ადამიანების დიდი ნაკადი მორბოდა, გადაუარეს ზემოდან, ფეხზე აქვს ჭრილობა, ასევე დაბეჟილობა აქვს ფეხზე, იდაყვი ჰქონდა უკვე მაგ მომენტში მოტეხილი. მის გვერდით იდგნენ ბიჭები, რომლებსაც ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ სპეცრაზმელები", - ამბობს აქტივისტი მარიამ გეგუჩაძე. მისი თქმით, რეაბილიტაციისთვის ერთი თვე იქნება საჭირო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი