რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მედვედევი საქართველოში რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს ეხმაურება და ამტკიცებს, რომ ამაში აშშ-ის ხელი ურევია.
მედვედევის ტელეგრამ არხზე გავრცელებული განცხადება, "ოცნების" რიტორიკის მსგავსია:
თბილისში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ირგვლივ მსჯელობა პარლამენტში ქუჩის შეტაკებებსა და ხალისიან ქართულ ჩხუბში გადაიზარდა. ვინც მსგავს ქმედებებს სპონტანურ პროტესტს უწოდებს, პირველმა ესროლოს ქვა საკუთარ ანარეკლს. ყველა ამ აქციის უკან არის გამოცდილი და ნაცნობი ჰოლივუდის ხელი.
მთავარი, რაც „პროტესტანტებს“ არ მოსწონთ „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი ცდილობს, არის „რუსული იდეა“ და არა დასავლური ინიციატივა." წერს მედვედევი და აღნიშნავს, რომ მსგავსი კანონის მიღებას ყირგიზეთში ერთი თვის წინ, დასავლეთიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
მედვედევი, ისევე როგორც "ოცნება" ევროპას "ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში" ადანაშაულებს და ოკუპანტი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სუვერენიტეტის დარღვევაზე საუბრობს. მედვედევის მტკიცებითვე, "კანონი უცხოელ აგენტთა შესახებ მრავალ ქვეყანაშია".