არჩევნები გადამწყვეტი იქნება, რომ საქართველომ თავიდან მოიშოროს არა "ოცნება", არამედ "ქართული კოშმარი" | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

"[მომავალი საპარლამენტო არჩევნები] გადამწყვეტი იქნება იმისათვის, რომ თავიდან მოვიშოროთ არა ოცნება, არამედ ქართული კოშმარი" - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France Info-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ეს პრეზიდენტის უკვე მეექვსე ინტერვიუა დასავლურ მედიასთან, ბოლო ორი დღის განმავლობაში, სადაც ის საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს. ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანი ქვეყნისთვის კურსის შეცვლაა.

"ჩვენ ევროპის კართან ვართ და ამ დროს ძლიერდება რუსეთის მხრიდან ზეწოლა, რაც გასაკვირი არ არის. ზეწოლა ძლიერდება კანონის მეშვეობით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერისა და დაფინანსების წინააღმდეგ პუტინის კანონის ასლია. ეს რუსული სტრატეგიაა. ეს ჭადრაკის თამაშია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ევროკავშირთან, იმისთვის, რომ საქართველოს კურსი შეაცვლევინონ. მოსახლეობა მედგრად დგას. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს შეძლებს უკან დაახევინოს მთავრობას, რომელმაც ეს კანონი ერთ წელიწადში მეორედ შემოიტანა, სავარაუდოდ, მოსკოვის მოთხოვნით. მაგრამ ამ მთავრობას უკან დაახევინებს არჩევნები, რომელიც ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება. ჩვენს არ დავნებდებით და მომავალი არჩევნები აჩვენებს, რომ საქართველო თავის ევროპულ გზაზე, ევროპულ ბანაკში რჩება. მიუხედავად მოსკოვის ყველა მცდელობისა, რომელიც დღეს იარაღად იყენებს ხელისუფლებას, საქართველოს მთავრობას. არჩევნები გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ თავიდან მოვიშოროთ არა "ოცნება," არამედ ქართული კოშმარი, რადგან საქართველოსთვის კოშმარია ყველაფერი, რაც არ არის გზა ევროპისკენ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის კონსოლიდაციისკენ," - ამბობს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის ინტერვიუ France Info-სთან სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი