პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე გადაღებულ ერთ-ერთი ვიდეოს აზიარებს, სადაც ჩანს გოგონა, საქართველოს დროშით. პრეზიდენტი წერს:
"მომავლის და საკუთარი თავის, რომ ჯერა ადამიანს, მისთვის შეუძლებელი არ არსებობს. იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს!," - წერს ზურაბიშვილი
შეგახსენებთ, ოთხი დღეა რუსთაველზე, პარლამენტთან საპროტესტო აქციები იმართება რუსული კანონის წინააღმდეგ. კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიიღეს. გუშინ, 18 აპრილს, აქცია სტუდენტებმა გამართეს და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან დღესაც 19:00 საათზე შეიკრიბებიან.
ცნობისთვის, 17 აპრილს, სართაშორისო პარტნიორების მხრიდან გაფრთხილებებისა და საზოგადიების პროტესტის ფონზე, "ოცნებამ" პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონს - 83 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი. ამ დღეს ევროკავშირის ელჩმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ეს კანონი ხელს არ შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს - ეს კანონი ევროკავშირის ძირითად ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მთავრობას, მოუსმინონ გაფრთხილებებს კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით.
3 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პირობა ისევ გადათქვა და "რუსულ კანონის" ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი " უცხოური გავლენის აგენტი" იქნება, დანარჩენი კი სრულიად უცვლელი რჩება.
ცნობისთვის, "ოცნებამ" 2023 წლის მარტში ვერ შეძლო "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღება. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულს აკრიტიკებდნენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ამერიკა და ევროკავშირი. 7 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ "ოცნების" ხელისუფლებამ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იგივე განმეორდა 8 მარტსაც.
პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა რუსული კანონი უკან გაეწვია და მეორე მოსმენაზე ჩაეგდო. მაშინ "ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა - "ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის დაინიცირება აღარ შედის", თუმცა ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ, იგივე ხდება.