დვანში "ბორდერიზაციის" განახლების შემთხვევას სუს-ი ადასტურებს | ადგილზე EU-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

გამოქვეყნდა:

შიდა ქართლში რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქარელის მუნიციპალიტეტში ე.წ ბორდერიზაციის განახლების შემთხვევას ადასტურებს და ამბობს, რომ ოკუპანტებმა სამუშაოები საოკუპაციო ხაზის სიღრმეში განახორციელეს.

უწყების თქმით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, აღნიშნულის შესახებ საქმის კურსში არიან ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები და საერთაშორისო პარტნიორები. ადგილზე ცოტა ხნის წინ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც საკუთარი თვალით ნახეს უკანონო ნაგებობები.

ადგილობრივები კი "მთავარ არხთან" სოფელში არსებულ რთული ვითარებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ხშირად გადაადგილდებიან, იტაცებენ მოსახლეობას და იზოლატორში გადაჰყავთ. მათი თქმით, ოკუპანტები, ბოლო 3 კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით აქტიურობენ. 

"ჩვენი სასაფლაოებიდან 200 მეტრში არიან. თუ 50 მეტრსაც მიუახლოვდები ეგრევე რეაქცია აქვთ, გაფრთხილებენ, რომ არ გაინძრე, უნდა აგიყვანონ," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

შეგახსენებთ, რომ ახალი საგუშაგოების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად, ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. ქაცარავა წერდა, რომ სოფელ დვანში, ოკუპაციის ხაზიდან რამდენიმე ათეულ მეტრში საოკუპაციო რეჟიმმა, უკანასკნელი 3 კვირის განმავლობაში, 2 ახალი საგუშაგო ჩადგა. მანამდე სუს-ი დუმდა.

მცოცავი ოკუპაციის და ბორდერიზაციის განახლების საკითხი ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იქნება ჟენევის და ერგნეთის ფორმატში დაგეგმილ შეხვედრებზე, რომლებიც მომდევნო თვეებში გაიმართება. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი