"ფლანგვის დეტექტორის" განცხადებით, ოფშორების ჩანაწერი შავ კაპიტალს უადვილებს, ევროპულ რეგულაციებსა და სანქციებს გაექცეს.
ორგანიზაცია ამბობს, აღნიშნული ცვლილება ორი ნაწილისგან შედგება: პირველი ნაწილი მოსახლეობისთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას გულისხმობს, ხოლო მეორე - შეღავათების დაწესებას ოფშორული კომპანიებისთვის.
საკანონმდებლო ცვლილების ეს უკანსკნელი ნაწილი გასაკუთრებით საინტერესოა, რადგანაც ბადებს ეჭვს, რომ ამით საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მოსალოდნელი სანქციებისგან თავის ასარიდებლად შესაბამასი გარემოს შეუქმნას ბიზნესმენებსა თუ ოლიგარქებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ ფაქტს ამყარებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას ბრძანებაში ცვლილება, რომელიც მან ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ გამოსცა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების თანახმად: “საქართველოს მოქალაქესა და იურიდიულ პირზე საქციათა რეჟიმი არ გავრცელდება, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილი არ იქნება საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი”.
ხოლო რაც შეეხება მიმდინარე ცვილილებებს, არსებული კანონმდებლობით, თუ ერთი ან რამდენიმე ფიზიკური პირი ფლობს კომპანიას შეღავათიანი საგადასახადო დაბეგვრის ქვეყანაში (ე.წ. “ოფშორი”), რომელიც საქართველოში ფლობს რამე აქტივს ან საწარმოს და ამ ფიზიკურ პირებს სურთ რომ ამ აქტივზე საკუთრების უფლება ოფშორული კომპანიიდან გადმოიტანონ საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიაზე, მაშინ, საკუთრების უფლების გადმოსვლა ქართულ კომპანიაზე იბეგრება საშემოსავლო (20%) ან მოგების გადასახადით (15%) (გააჩნია ტრანზაქცია რა ფორმით განხორციელდება). ამ ცვლილებით კი შესაძლებელი ხდება რომ იგივე ტრანზაქცია განხორციელდეს საშემოსავლო ან მოგების გადასახადით დაბეგვრის გარეშე.
ხოლო რაც შეეხება ცვლილების მეორე ნაწილს:
ამ შემთხვევაში ნებისმიერ ოფშორულ კომპანიას, მათ შორის, რომელსაც კავშირი არ აქვს საქართველოსთან - არ საქმიანობს ან არ ფლობს აქ რაიმე აქტივს - შეეძლება ქვეყანაში ამ აქტივების ან საქონლის ყოველგვარი იმპორტის გადასახადის გარეშე შემოტანა. აღნიშნული ქონება ასევე გათავისუფლებდა ქონების გადასახადისგან 2030 წლის 1 იანვრამდე.
რა გავლენას იქონიებს აღნიშნული ცვლილებები და რით შეიძლება აიხსნას დაინიცირებული პროექტი, ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ.
რა არის ოფშორული ზონა?
იმისათვის რომ სწორედ შეფასდეს საგადასახადო კოდექსში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებები, მნიშვნელოვანია, რომ ოფშორული კომპანიების საქმიანობა განვიხილოთ.
ოფშორულ კომპანიებს უწოდებენ იმ ბიზნესსუბიექტებს, რომლებიც დაფუძნებულია ე.წ ოფშორულ ზონაში. ოფშორულ ზონებს ძირითადად კუნძულოვანი ქვეყნები წარმოადგენენ და ბიზნესს სთავაზობენ დაბალ ან ნულოვან გადასახადებს, ნაკლებ რეგულაციებს, კონფიდენციალურობას და ა.შ., მოკლედ გაუმჭვირვალე გარემოს და სახელმწიფოების წვდომისგან მეტ თავისუფლებას.
მიუხედავად იმისა, რომ ოფშორებში ბიზნესის დარეგისტრირება კანონიერია, ხშირად ისინი ჩრდილოვანი მიზნებისთვის გამოიყენება. ოფშორული ზონა ამარტივებს საგადასახადო ვალდებულებებისგან თავის არიდებას ან უკანონოდ მიღებული შემოსავლების გადამალვას ან/და ლეგალიზაციას.
დროთა განმავლობაში, გლობალური საგადასახადო ორგანოების მხრიდან გაიზარდა ზეწოლა, რათა ოფშორული ზონები უფრო გამჭვირვალე გახდეს. გამჭვირვალობა, თავის მხრივ, კომპანიის შესახებ ფინანსური ინფორმაციის, აუდიტორული ანგარიშებისა და დეკლარაციების წარდგენას გულისხმობს.
საინტერესოა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD)-მა შექმნა გლობალური ფორუმი (Transparency and exchange of information for tax purposes) რომელიც საერთაშორისო საგადასახადო გამჭვირვალობის სტანდარტების დანერგვაზე (Transparency and exchange of information standarts) მუშაობს. ის უზრუნველყოფს, რომ საგადასახადო გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტები მთელ მსოფლიოში დამკვიდრდეს და ოფშორებში გადასახადებისგან თავის არიდების შესაძლებლობების გაუქმებისთვის იბრძვის.
მმართველი პარტია ამბობს, რომ ოფშორული კომპანიებისთვის შეღავათები უნდა დაწესდეს, რადგან “ოფშორებში კომპანიების მუშაობა საკმაოდ გართულდა, რადგან მეტი გამჭვირვალობა და მონიტორინგია”. ამგვარად, ეჭვქვეშ დგება საქართველოს ხელისუფლების ნამდვილი მოტივები, როდესაც ერთი მხრივ “ევროპული გამჭვირვალობის” არგუმენტით თანხების ლეგალურ სივრცეში ღიად განმკარგავ სამოქალაქო ორგანიზაციებს აგენტებად მოიხსენიებს და ავიწროებს, ხოლო მეორე მხრივ, ჩრდილოვანი კაპიტალისთვის საგადასახადო სამოთხეს ქმნის, რომელიც ოლიგარქებს გამჭვირვალეობაზე მიმართული ევროპული რეგულაციებისთვის თავის არიდებაში ეხმარება.
ოფშორული კომპანიები საქართველოში
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ასიათასობით კომპანიაა, რომელთაც მთლიანად თუ ნაწილობრივ სწორედ ოფშორულ ზონაში დაფუძნებული კომპანიები ფლობენ. იმისათვის, რომ ასეთი კომპანიების ზუსტი რაოდენობა დაგვედგინა, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს მივმართეთ. აღმოჩნდა რომ სრული ინფორმაცია არც მათ აქვთ, რადგან არ ხდება ბიზნესრეესტრის მიერ ცალკე მონაცემების წარმოება ოფშორებში დაფუძნებული კომპანიების შესახებ. თუმცა, მათ ხელთ არსებული მონაცემების თანახმად, ნათელია, რომ ასიათასობითაა იმ კომპანიების რიცხვი, რომელთა მესაკუთრე “ოფშორში” რეგისტრირებული კომპანიაა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებული, ოფშორულ ზონაში დაფუძნებული კომპანიების საქმიანობა ხშირად მოხვედრილა სხვადასხვა ორგანიზაციების ანგარიშებში. იმის გამო, რომ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიებს ანონიმურობის დაცვის მაღალი მექანიზმი აქვს, საქართველოში მათი ოპერირება ხშირად “ელიტური კორუფციის” ხელშემწყობი ფაქტორი ხდება. საქართველოს კანონმდებლობა ზღუდავს თანამდებობის პირის სამეწარმეო საქმიანობას და ხშირად, თანამდებობაზე ყოფნის დროს, ჩინოსნები “ოფშორებში” არეგისტრირებენ კომპანიას და მისი საშუალებით იწყებენ საქართველოში ბიზნესსაქმიანობას.
საინტერესოა, რომ ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული ისეთი კომპანიები, როგორებიცაა “სუფთა სახლი”, “სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგი”, “რუსთავის ავტობაზრობა” და სხვა, რომელთა მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციაა უცნობია.
2021 წელს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ, ოფშორულ კომპანიებთან დაკავშირებით ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ის ყველა რისკი, რაც ოფშორული კომპანიების საქართველოში ოპერირებასთან არის დაკავშირებული, დეტალურად მიმოიხილა. ანგარიშის მიხედვით 2012-2020 წლებში პირდაპირი პრივატიზაციის წესით 6 ოფშორულ კომპანიას სახელმწიფო ქონება გადაეცა, მათ შორის სამმა ქონება სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მიიღო.
ოფშორულ კომპანიებთან არის დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა. კვლევის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი 11 ოფშორულ კომპანიასთან არის დაკავშირებული, რომლებიც, თავის მხრივ, 27 ქართულ კომპანიას ფლობენ. საკანონმდებლო ცვლილების ძალაში მიღების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი შეძლებს ოფშორული კომპანიების საკუთრების მოხსნას მისივე კომპანიებზე, ისე რომ ბიუჯეტში გადასახადებს არ გადაიხდის.
2022 წელს ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა – ვიქტორ ყიფიანმა ინტერვიუში ღიად განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი სურდა საქართველოში ვერტმფრენის ჩამოყვანა, თუმცა ვერ შეძლო, რის მიზეზად ივანიშვილის „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფთან დავა სახელდებოდა. საბოლოოდ, შეძლო თუ არა ივანიშვილმა ამ ქონების საქართველოში ჩამოყვანა, უცნობია, თუმცა ეს მაგალითი ცხადყოფს რამდენად მომგებიანი იქნება ივანიშვილისთვის მიღებული ცვლილებები, რადგან ის არც ერთ თეთრს არ გადაიხდის ბიუჯეტში მისი ქონების საქართველოში იმპორტის დროს.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს შეღავათი არ ვრცელდება კონკრეტულ პირზე, არამედ ყველაზე, შესაბამისად შესაძლებლობებს აძლევს სხვა ოლიგარქებსაც, რომ ქონება საქართველოში გადასახადების გარეშე შემოიტანონ.
კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ შეიძლება ეს კანონი ხელსაყრელი იყოს ბიძინა ივანიშვილისთვის და აგრეთვე სხვა ქვეყნების ოლიგარქებისთვის არის სანქციები, რომლის ალბათობასაც საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორებმა ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით რამდენჯერმე გაუსვეს ხაზი. ნათია თურნავას ბრძანება, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სანქციები საქართველოში ვერავის დაეკისრება ქართული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე ამისთვის საკმაოდ ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის. ქართული სასამართლოს პოლიტიზირებულობის მიმართულებით ბევრი შეკითხვა არსებობს, რასაც ე.წ. სასამართლო კლანის წევრი რამდენიმე მოსამართლის სანქცირებაც მოწმობს.
შეგახსენებ, საქართველოს პარლამენტმა 3 დღეში დაჩქარებული წესით საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შეიტანა.