ტრანსპორტი და საკვები უფასოა! სამეზობლოშიც მოიკითხეთ მსურველები! - ეს არის ამონარიდი "ქართული ოცნების" პარტაქტივის ჩატიდან. მიმოწერაში რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელები საჯარო მოხელეებს ავალდებულებენ, გადადონ ყველანაირი საქმე და წავიდნენ თბილისში "ოცნების" მიერ დაანონსებულ კონტრაქციაზე. თან აფრთხილებენ, რომ უარი არ მიიღება.
რუსული კანონის მხარდამჭერი აქციის მონაწილეების საგანგებო მობილიზაციაში ჩართულები არიან საკრებულოს თავმჯდომარეებიც, რაც "მთავარი არხის" ექსპერიმენტითაც დასტურდება. დავალებები გაცემულია, საგანგებო თათბირებიც ჩანიშულია და ყველამ იცის, ვინ რამდენი ადამიანი უნდა ჩამოიყვანოს თბილისში.
"მთავარი არხის" ჟურნალისტი გორისა და მარტვილის საკრებულოების თავმჯდომარეებს "ოცნების" რეგიონული ოფისის სახელით დაუკავშირდა და მათგან პირდაპირ მოისმინა ინფორმაცია, ვინ რამდენი ადამიანი უნდა ჩამოიყვანოს დედაქალაქში, რა ხდება სიების შედგენასთან დაკავშირებით და როგორ ემზადებიან ისინი რუსული კანონის მხარდამჭერი აქციისთვის.