
საქართველოში მიმდინარე პროტესტის პარალელურად არ წყდება გამაფრთხილებელი გზავნილები დასავლეთიდან. რუსული კანონის მიღების შემთხვევაში ქვეყნისთვის ევროკავშირის კარი დაიხურება - გერმანიის სახელმწიფოს ეს გაფრთხილება ბუნდესტაგში საქართველო ელჩმა, ლევან იზორიამ, პირადად მოისმინა.
რუსული კანონის დამტკიცება რომ ევროინტეგრაციისთვის დამღუპველი აღმოჩნდება, ამის შსახებ ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეების კომიტეტის წევრი ტომას ჰაკერი "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს. ჰაკერი პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ პროექტს არაფერი აქვს საერთო არც ამერიკულ და არც ფრანგულ კანონმდებლობასთან, რომელთა მთავარი მიზანი სწორედ რუსული და ჩინური გავლენების გამოვლენა იყო.
ჩვენ გერმანიაში ძალიან გაკვირვებულები ვართ, რომ ეს კანონი საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ შემოაბრუნა პარლამენტში და კიდევ ერთხელ ეცდება, რომ ხელი შეუშალოს არასამთავრობო ორგანიზაციებს მუშაობაში. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება საქართველოში, ვხედავთ, რომ ხალხი გამოდის ქუჩებში და პროტესტს აცხადებს. გასული წლის ვერსიასთან შედარებით, ამ კანონში ბევრი არაფერი შეცვლილა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წელსაც არ მიიღებს მას საქართველოს პარლამენტი. იმიტომ რომ ეს ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას.
საქართველოს შარშან მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, მაგრამ მთავრობის ეს ქმედება ხელს უშლის ქვეყანას, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს. კანდიდატის სტატუსი მიენიჭა ქართველ ხალხს, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, როგორ სურთ ქართველებს ევროპული ოჯახის წევრობა. თუმცა რადგან მთავრობა მოქმედებს ამის აბსოლუტურად საპირისპიროდ, ეს გზა ქართველებისთვის შეიძლება დიდი ხნით ჩაიკეტოს. კანდიდატის სტატუსი ძალიან კარგი ნაბიჯი იყო, მაგრამ ეს ახალი კანონი არის ძალიან ცუდი და ის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ იმუშავებს.
გერმანიაში ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები ელჩთან და ევროპულ საქმეთა კომიტეტმა გადასცა მას განცხადება, თუ როგორ ვუყურებთ ჩვენ ამ კანონს. იმედია, ის გადასცემს თავის მთავრობას, რომ ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ. ამერიკული კანონი მიღებულ იქნა მეოცე საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირი და ნაცისტური გერმანია ცდილობდნენ მსოფლიოზე გავლენის მოხდებას და ის კანონი იყო სწორედ ამ ორი ძალის წინააღმდეგ მიმართული. რაც შეეხება ფრანგულ კანონს, ის არ არის მიმართული არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი", - ამბობს ჰაკერი.