ევროპული დახმარების გაყინვა, ვიზალიბერალიზაციის გადახედვა, სანქციები ივანიშვილსა და მის დეპუტატებს | ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტები

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის გამო საქართველოსთვის გამოყოფილი ევროპული დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება - ორ დღეში ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ საგანგებო რეზოლუციას მიიღებს. თუმცა უკვე ამ ეტაპზე ცნობილია ოთხი დოკუმენტის პროექტების შინაარსი

კერძოდ, თუ რუსული კანონი საბოლოოდ იქნება მიღებული, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, გადახედოს საქართველოსთვის გამოყოფილ ფინანსურ დახმარებას.

"მოვითხოვთ, რომ ევროკავშირის დაფინანსება, რომელიც მიეწოდება საქართველოს მთავრობას, გაიყინოს ამ არალიბერალური კანონის გაუქმებამდე და დაწესდეს მკაცრი პირობები საქართველოს მთავრობისთვის ნებისმიერი მომავალი დაფინანსების გაცემაზე. მოვუწოდებთ კომისიას, ნებისმიერი არსებული დაფინანსება გადაამისამართოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე;

მოვუწოდებთ კომისიას დროულად შეაფასოს "უცხოელი აგენტების" კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე, კერძოდ ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით, რაც ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის გადამწყვეტი კომპონენტია;

მოვუწოდებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს განიხილონ მოგზაურობის აკრძალვის დაწესება იმ ქართველი პირებისთვის, რომლებიც აფინანსებენ და აწყობენ პროპაგანდისტულ კამპანიებს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ; ასევე ვიმეორებთ საქართველოს ხელისუფლების მიმართ, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული ნიშნით და დაუშვას მისი სათანადო მკურნალობა საზღვარგარეთ.... 


მივიჩნევთ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ მოწოდებას საბჭოს მიმართ, განიხილოს პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება; მოვუწოდებთ კომისიას საქართველოსთვის ყველა ფინანსური დახმარება გახადოს პირობითი და დაუკავშიროს ამ კანონის პარლამენტიდან გაწვევას. " ნათქვამია დოკუმენტებში.

ამასთან, საუბარია ბიძინა ივანიშვილისა და იმ 83 დეპუტატის პერსონალურ დასანქცირებაზე, რომლებმაც რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას მხარი დაუჭირეს. ოლიგარქისა და მისი დეპუტატების დასანქცირებას "ევროპის სახალხო პარტია" ითხოვს.

"რინიუსა" და "მწვანეების" რეზოლუციის პროექტებში კი ნათქვამია, რომ სავიზო შეზღუდვები უნდა დაუწესდეს რუსული კანონის მხარდამჭერს 83 დეპუტატს.

ერთ ერთი რეზოლუციის პროექტში ჩანაწერია ვიზალიბერალიზაციის გადახედვაზეც. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი