"ამ კანონის მიღება ევროინტეგრაციის გზაზე პრობლემებს შექმნის - ეს მტრული ნაბიჯია მეგობრებისა და მოკავშირეების მიმართ", - ევროპული ლიბერალური ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი, ანტონიოს ნესტორას "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" საუბრობს.
მე არ ვარ ევროკავშირის წარმომადგენელი და ამ უფლებამოსილებით არ ვარ აქ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ თუ მიღებული იქნება კანონი, რომელიც ხელს უშლის ევროპასა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას შორის ურთიერთობას, მაშინ ეს ნამდვილად შექმნის პრობლემებს ევროინტეგრაციის გზაზე.
ნამდვილად ლეგიტიმური შეშფოთებები არსებობს ამ რუსული კანონის გამო. როგორც უკვე ვთქვი, თუ თქვენ ხელს შეუშლით და აუკრძალავთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომ კონტაქტები ჰქონდეთ თავიანთ ევროპელ კოლეგებთან, თავიანთ მოკავშირეებთან (და ჩვენ აქ ნამდვილად მოკავშირეებზე, მეგობრებზე ვსაუბრობთ) და არ მისცემთ მათ საშუალებას, რომ მიიღონ მხარდაჭერა, მაშინ ეს არის მკაფიო სიგნალი, რომ ამ კავშირებს არასასურველად მიიჩნევთ. აქ საუბარია ამ ორგანიზაციების უცხოელ აგენტებად შერაცხვაზე, მათ დახურვაზე და ეს, ბუნებრივია, აღიქმება, როგორც მტრული ნაბიჯი მეგობრებისა და მოკავშირეების მიმართ. გამოდის, რომ ქართველებს შეუძლიათ ევროპაში ჩამოსვლა და არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება, რომელიც საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას გააცნობს ხალხს და ევროპელებს კი არ შეუძლიათ, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და ახალგაზრდებს ევროპის ისტორია ასწავლონ. არასამართლიანი გამოდის.
როგორც ჩანს, მთავრობამ ვერ გათვალა, რამდენად სიმბოლური გავლენა ექნებოდა ამ კანონპროექტის დაინიცირებას მოსახლეობაზე, რომელიც ევროინტეგრაციის აქტიური მომხრეა, რადგან 85% უჭერს ამას მხარს. ამიტომ, ისინი ამას აღიქვამენ, როგორც ქვეყნის საგარეო მიმართულების ცვლილებად და მე მათი მესმის. ამ ხალხის უდიდეს უმრავლესობას ევროკავშირში უნდა. ჩემი ცხოვრების განმავლობაში მე არ მახსოვს შემთხვევა, რომ მთავრობა ასეთ წინააღმდეგობაში მოდიოდეს საკუთარ ხალხთან, რომელმაც მას საშუალება მისცა, დიდი ხნით დარჩენილიყო ხელისუფლებაში.
რა თქმა უნდა, ევროინტეგრაცია დამოკიდებულია მთავრობის ნებაზე, მთავრობის ამბიციაზე განახორციელოს ის რეფორმები, რომლებიც ამისთვის საჭიროა და რომელიც შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს. რაც მთავარია ეს სჭირდება თქვენს ქვეყნას, თქვენს ხალხს. აქ კი ჩვენ გვაქვს გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც მთავრობა უარს ამბობს, უსმინოს თავისი მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას, რომელსაც პროევროპული მომავალი სურს. რთულია იმის ახსნა, თუ რატომ ხდება ეს, - ამბობს ნესტორასი.
სრული ინტერვიუ იხილეთ აქ: