პაპუაშვილი პოლიციის მაღალჩინოსნების სანქცირებაზე აუსტრევიჩუსის განცხადების გამო ლიეტუვის საელჩოსგან განმარტებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებაზე, რომელმაც გუშინ პოლიციის მაღალჩინოსნების დასანქცირება მოითხოვა, ლიეტუვის საელჩოსგან განმარტებას ითხოვს. 

აუსტრევიჩუსმა ევროკომისიას მოუწოდა, სანქციები დაუწესდეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, "ხარებას" - ზვიად ხარაზიშვილსა და თბილისის პოლიციის უფროსს, ვაჟა სირაძეს.

პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს არის თავდასხმა ქართულ პოლიციაზე.

"გუშინ ევროპარლამენტის ერთ-ერთი წევრისგან ჩვენ ვიხილეთ პირდაპირი თავდასხმა ქართულ პოლიციაზე. ვგულისხმობ ბატონ აუსტრევიჩუსს. ეს ევროპარლამენტარი გახლავთ, გარდა იმისა, რომ ევროპარლამენტის წევრია, ამავე დროს ის არის ლიტვის სახელისუფლებო პარტიის წევრი და წარმომადგენელი ევროპარლამენტში... ყველას შევახსენებ, რომ თავდასხმა პოლიციაზე, ეს არის თავდასხმა სახელმწიფოზე. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, ვინაიდან ის არის მათ შორის ლიტვის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი, კარგი იქნება, თუ შესაბამის განმარტებებს მოვისმენთ ლიტვის საელჩოსგანაც, რას ნიშნავს ეს თავდასხმა ქართულ პოლიციაზე.

ამავე დროს, სამწუხაროდ, ჩვენ გვახსოვს, თავად ლიტვის ელჩის განცხადებაც 2021 წელს როდესაც ნიკა მელიას დაკავება მოხდა, მაშინ მან ძალადობა უწოდა პოლიციის ქმედებას. [...] ეს ტენდენციები ქართულ პოლიციაზე თავდასხმისა, ლიტვის ელჩის მაშინდელი განცხადება, ახლა ლიტველი პოლიტიკოსის განცხადება რომელიც ამავე დროს სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელია, არის ძალიან სამწუხარო და კარგი იქნება, თუ ლიტვის საელჩო ამ საკითხზე გააკეთებს განმარტებას. იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური, იდეოლოგიური მხარდაჭერა იმ მოლოტოვის კოქტეილებისა, რომლის სროლაც ჩვენ ვნახეთ შარშან მარტში და ჩვენ ვნახეთ მათ შორის, რომ მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზება ზუსტად იგივე ევროპარლამენტარების მიერ მართული ევროპის დემოკრატიული ფონდის დაფინანსებით ხდებოდა", - თქვა პაპუაშვილმა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი