მიუღებელი, უსამართლო და შეურაცხმყოფელია, მორიგი მზაკვრობაა ჩადებული | ღარიბაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

გამოქვეყნდა:

"მიუღებელი, უსამართლო და შეურაცხმყოფელი" - ასე აფასებს ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას "ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი.

ის აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია იმ კაცის დასანქცირება, რომელმაც "რეალური დემოკრატიის დამკვიდრება დაიწყო და დაამყარა."

ღარიბაშვილი ეხმაურება ვიზალიბერალიზაციის პირობების გადახედვის შესახებ გაკეთებულ ჩანაწერსაც  და "მორიგ მზაკვრობას" უწოდებს.

"რა თქმა უნდა, ეს არის, ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, გავწიოთ ჩემი პოლიტიკური თანამდებობა, პარტიული თანამდებობა, ეს არის შეურაცხმყოფელი. ესე იგი რას გვეუბნება ევროპარლამენტის 500-450 დეპუტატი გვეუბნება, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანა გადაგვირჩინა, ეს საშინელი, მჩაგვრელი, ავტოკრატიული, დიქტატურისკენ მიმავალი რეჟიმი მოაცილა ქვეყანას, ქვეყანა გადაარჩინა, რეალური დემოკრატიის დამკვიდრება დაიწყო და დაამყარა, თავისუფლება, მოუტანა ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა და სტატუსი, ამ კაცზე ამბობენ და აღარ გავიმეორებ, რა თქმა უნდა, მის სხვა დამსახურებებს, რომელიც მას გაწეული აქვს ქვეყნის წინაშე, ამ კაცზე ამბობენ, რომ უნდა დასანქცირდეს. და ვინც იყო მთავარი დამანგრეველი, ვინც მოუტანა ომი, ნგრევა, უბედურება, ადამიანების წამება, გაუპატიურება, ჩაგვრა, ბიზნესრეკეტი, მედიის თავისუფლების, სააკაშვილს ვგულისხმობ, ეს კაცი უნდა გამოვუშვათ და დავაბრუნოთ ხელისუფლებაში. რატომ? რომ დაიწყოს მან ომი, უბედურება გაიმეოროს...ჩვენთვის ამას ნიშნავს ეს რეზოლუცია. ამიტომ, ეს არის მიუღებელი, უსამართლო და შეურაცხმყოფელი რეზოლუცია. უფრო მეტს ვიტყვი, ამავე რეზოლუციაში მორიგი მზაკვრობაა ჩადებული. მინიშნება, რომ შეიძლება უვიზო რეჟიმი გადაიხედოს და რაღაც. როგორ შეიძლება ასეთი ტონით საუბარი?," - ამბობს ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას მანამ, სანამ რუსული კანონი სამართლებრივ დღის წესრიგშია. გარდა ამისა, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის შესწორებას, რომლითაც "ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ივანიშვილის სანქცირებაა მოთხოვნილი. შესწორებებში ასევე მოთხოვნილი იყო მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება და ის, რომ ევროკომისიამ, შეაფასოს რუსული კანონის გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი