"ბევრი ჩვენი თანამოქალაქე განაწყენებულია იმის გამო, რომ „ნაციონალები“ სათანადოდ არ დავსაჯეთ" | ივანიშვილი რეპრესიებს აანონსებს

გამოქვეყნდა:

"ბევრი ჩვენი თანამოქალაქე განაწყენებულია იმის გამო, რომ „ნაციონალები“ სათანადოდ არ დავსაჯეთ", - ამის შესახებ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი რუსთაველის გამზირზე, რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე საუბრობს და ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიებს აანონსებს. 

ბევრი ჩვენი თანამოქალაქე განაწყენებულია იმის გამო, რომ 2012 წელს „ნაციონალები“ სათანადოდ არ დავსაჯეთ. რეჟიმის არაერთმა ლიდერმა მრავალწლიანი სასჯელი მოიხადა. გასამართლდა რეჟიმის დანაშაულებრივი დავალებების მრავალი შემსრულებელი. ამჟამად სასჯელს იხდის რეჟიმის მთავარი დამნაშავე, მიხეილ სააკაშვილი. თუმცა, სამწუხაროდ, არ მომხდარა „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც ერთიანი დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი დაჯგუფების გასამართლება.

საქმეში უშუალოდ ჩახედული ადამიანები დამეთანხმებიან, რომ მაშინ „ნაციონალების“ დასჯის არავითარი რესურსი არ გვქონდა, ურესურსოდ ნაბიჯების გადადგმა კი მხოლოდ კონტრპროდუქტიული იქნებოდა. კარგად მახსოვს, 2012-13 წლებში კბილებით როგორ იცავდნენ სისხლიან დამნაშავეებს დასავლელი უმაღლესი თანამდებობის პირები. „ნაცმოძრაობა“ ზუსტად ისევე დაუნიშნეს საქართველოს გარედან რადიკალურ ოპოზიციად, როგორც მანამდე ხელისუფლებად დაგვინიშნეს. რადიკალიზმი, ე.წ. პოლარიზაცია და პერიოდული პოლიტიკური რყევები, რაც ჩვენს ქვეყანას და მის ეკონომიკას მთელი ამ წლების მანძილზე საკმაოდ ძვირი დაუჯდა, მთლიანად გარედან იყო ხელოვნურად თავს მოხვეული. რომ არა გარე მხარდაჭერა, საქართველო ეგრეთწოდებული პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეს უმოკლეს ვადებში გაარღვევდა.

ყველამ იხილეთ ევროპარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული რეზოლუცია, სადაც ევროპელი პოლიტიკოსები „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე ლიდერებს კიდევ ერთხელ გამოექომაგნენ. ამ შემთხვევაშიც, გლობალურმა ომის პარტიამ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი. ამ ყველაფერს ორი მიზანი ჰქონდა: ერთი მხრივ, საქართველოს საქმეებში კიდევ ერთხელ უხეშად ჩარევა სცადეს და მეორე მხრივ, ყველას კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ევროპარლამენტი მათ ერთ-ერთ მორიგ ინსტრუმენტად არის ქცეული, რომელსაც ნებისმიერ დროს როგორც უნდათ, ისე გამოიყენებენ. ამ სრულიად არაევროპული რეზოლუციის დამტკიცებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამხელა გავლენა აქვს გლობალურ ომის პარტიას ევროკავშირზე. გლობალური ომის პარტია ევროკავშირს საკუთარი ხელით ანგრევინებს ევროპულ ღირებულებებს, რაც, ზოგადად, მისი ჩვეული ხელწერაა. ზუსტად ასევე ანგრევდნენ ისინი საქართველოს 2004-12 წლებში ხელისუფლებაში მყოფი ქართველების ხელით.

საქართველოს ბედი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ამ წლების განმავლობაში ჩვენ დავაგროვეთ საკმარისი რესურსი, რომ სუვერენიტეტის სრულად განმტკიცება დავიწყოთ. სწორედ ამას ემსახურება კანონიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. არჩევნების შემდეგ კი, ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას გამოვუტანოთ მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი, რომელსაც ის 9-წლიანი სისხლიანი მმართველობისა და 12 წლიანი „მაოხრებელი გზირობისთვის“ იმსახურებს.

არჩევნების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობა მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან 2 ათწლეულის მანძილზე ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა!, - ამბობს ივანიშვილი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი