მილიარდერი ცოტნე ივანიშვილი მოუძღოდა საქართველოს მოქალაქეებს წინ, რომლებსაც სახლში რა მიეტანათ საღამოს შვილებისთვის, არ იცოდნენ | დეკანოიძე

გამოქვეყნდა:

"ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე პლენარულ სხდომაზე 29 აპრილს გამართულ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციას ეხმაურება და ამბობს, რომ გუშინ სცენაზე იხილეს შეშინებული ადამიანი, რომელმაც საკუთარი პარანოიდალური შიშის გამო, მთელ დასავლურ სამყაროს, საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა.

"ჩვენი ჯარისკაცები ნამდვილად არ იმსახურებენ იმ ადამიანს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ გუშინ იმ მოწყობილ სცენაზე, რომელსაც მთელი კვირის განმავლობაში იცავდა პოლიცია და შემდეგ თქვენ, საკუთარ მოწყობილ სცენას კინოლოგიური სამსახურით ამოწმებდით. იმიტომ, რომ თქვენივე პოლიციას არ ენდობოდით. მე გავიარე გუშინ ამ ხალხში, თქვენგან განსხვავებით, სხვათა შორის, შემოფარგლულ ადგილას რომ იყავით და სცენაზე ბიძინა ივანიშვილის უკან ვინ დადგებოდა, ამაზე ეცილებოდით ერთმანეთს, რომ კარგად გამოჩენილიყავით თქვენი პატრონის უკან. ეს ხალხი იყო ჩამოყვანილი ადამიანები, რომლებსაც უამრავი პრობლემა დახვდებოდათ სახლში კვლავ. ბორჯომიდან, თელავიდან, ყვარლიდან, გურჯაანიდან, აჭარიდან ჩამოიყვანეთ მასწავლებლები და ბაღის მასწავლებლები. მიატოვებინეთ სკოლის მოსწავლეები იმისთვის, რომ რაღაც ერთი საათი ბიძინა ივანიშვილისთვის მოესმინათ. მაგრამ მე ძალიან კარგად მესმის ამ ადამიანების გულისტკივილი. ყველა მეუბნებოდა, რომ ეს ღონისძიება რისთვის იყო ვერ გაუგიათ და არ იცოდნენ, რეალურად. მაგრამ სცენაზე მათ დაინახეს შეშინებული ადამიანი, რომელმაც საკუთარი პარანოიდალური შიშის გამო, მთელ დასავლურ სამყაროს, ცივილიზაციას ომი გამოუცხადა. ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხს და ომი გამოუცხადა ჩვენი ქვეყნის მართლაც იმ ღირებულებებს, რის გამოც ძალიან ბევრმა ჯარისკაცმა, თვითონ ანწუხელიძემ თავი გასწირა.

მე საზოგადოებას მინდ მივმართო, გუშინ ჩვენ ვიხილეთ ადამიანი, რომელიც ეყრდნობა მხოლოდ სპეცრაზმს და ჰგონია, რომ ადმინისტრაციული რესურსით რაიმე ერთიანობის შეგრძნების გაჩენა შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებში. მე და ძალიან ბევრმა ადამიანმა გუშინ იხილა სცენაზე ადამიანი, რომელსაც წინ სახელდახელოდ, ხელოვნურად ჰყავდათ პარტიული აქტივი მობილიზებული იმისთვის, რომ ტაში დაეკრათ. იმიტომ, რომ იქ ვიდექი და არავინ საერთოდ ტაშს არ უკრავდა. მე ვიხილე სუსტი, უფერული ადამიანი, რომელიც წარმოდგენა არ აქვს რა პრობლემები აქვს საქართველოს მოქალაქეებს. მე ვიხილე ადამიანი, რომელმაც იკადრა თავისი ოჯახის წევრი, მილიარდერი ადამიანი ჩაუყენა ამ გაუბედურებულ, მართლა კაპიკებზე მცხოვრებ ადამიანს წინ. და ეს ცოტნე ივანიშვილი მოუძღოდა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც სახლში რა მიეტანათ საღამოს შიმშილით დაუძლურებული შვილებისთვის არ იცოდნენ. მე მინდა ყველას მივმართო, ვის გუშინ იყო, ვინც გუშინ წინ იყო, ჩვენ ყველა ვართ საქართველოს მოქალაქეები. არ გამოვა, რომ ეს ქვეყანა გახდეს ბიძინა ივანიშვილის სამფლობელო, არ გამოვა, რომ ეს ქვეყანა იყოს მისი ფულის გასარეცხი ოფშორების სამფლობელო...არ გამოვა საქართველო, რომელიც იქნება პატარა რუსეთი," - ამბობს დეკანოიძე.

შეგახსენებთ, 29 აპრილს, "ქართულმა ოცნება" რუსული კანონის მხარდასაჭერ აქციაზე ასობით სატრანსპორტო საშუალებით რეგიონებიდან პარტაქტივი, საჯარო მოხელეები, მასწავლებლები და სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები ჩამოიყვანა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი