არა რუსულ კანონს | თბილისში დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად მოქალაქეები ბათუმიდან და ზუგდიდიდან წამოვიდნენ

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში დაგეგმილ აქციას უერთდებიან რეგიონები, მათი ნაწილი დედაქალაქისკენ უკვე გამოემართა. 

ბათუმში პროტესტის მონაწილე მოქალაქეები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ. აქციაზე წამსვლელები კაფე-ბარების წარმომადგენლებმა საკვებით მოამარაგეს. ადგილზე მივიდნენ მძღოლებიც, რომლებმაც განაცხადეს, რომ უსასყიდლოდ მოემსახურებიან აქციის მონაწილეებს. 

"თუ კი აქამდე არ ესმოდათ რეგიონების ხმა, დღეს თბილისში ამ ხმას გაიგონებენ ნამდვილად, იმიტომ, რომ ბევრნი ვაპირებთ წასვლას", - ამბობს ერთ-ერთი მონაწილე.

ბათუმის გარდა, თბილისში მოდიან ზუგდიდიდანაც, სადაც რუსული კანონი გუშინაც გააპროტესტეს. ზუგდიდის მერიასთან აქციაზე სამართალდამცავებმა მოძრაობა "ახალის" წევრი მაია კალანდია და პარტია "დროას" წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა დააკავეს. 

ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა წალენჯიხის მერმა,  გია ხარჩილავამ, რომელმაც მოუწოდა ხელისუფლებას, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ არ გამოიყენონ ძალა. 

"მოვუწოდებ საქართველოს მთელ მოსახლეობას, დედაქალაქი დგას, დედაქალაქი იბრძვის, დედაქალაქი წინააღმდეგობას უწევს, დრო არის შევავსოთ, დრო არის გავაძლიეროთ, გავამაგროთ, ახლა სწორედ ქუდზე კაცის დროა, ახლა რეგიონების დროა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, ვისთვისაც ძვირფასია ახალგაზრდობის და ქვეყნის მომავალი, ძვირფასია ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მიზნები, ქუდზე კაცის პრინციპით, დედაქალაქისკენ დავიძრათ", - თქვა ხარჩილავამ.

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი