2 დღეა ვესაუბრებით ხელისუფლებას, პრეზიდენტს, ოპოზიციას...სიტუაცია არის შემაშფოთებელი | ევროკომისიის გენერალური დირექტორი

გამოქვეყნდა:

მიუღებელია იმ ფორმით, რომლითაც ახლა არის და შეუთავსებელია ევროპულ ფასეულობებთან - აცხადებს გაფართოების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი ხერტ იან კოოპმანი რუსულ კანონთან დაკავშირებით.

თბილისში, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შემდეგ, ევროპელი მაღალჩინოსანი ჟურნალისტებთან კომენტარში ამბობს, რომ სიტუაცია შემაშფოთებელია.

მისივე თქმით, ფაქტობრივად არ სრულდება 9 დათქმა, რომელიც ქვეყანას ევროკომისიის მიერ აქვს განსაზღვრული ევროკავშირში გაწევრიანების მომდევნო, მოლაპარაკების ეტაპზე გადასასვლელად.

კოოპმანი ეხმაურება თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებსაც: 

"ორი დღეა ვესაუბრებით ხელისუფლებას, პრეზიდენტს, პრემიერს, ასევე ოპოზიციას. მინდა გითხრათ რომ სიტუაცია, რომელიც დამხვდა არის შემაშფოთებელი. არის ძალადობა თბილისის ქუჩებში. ჩვენ ვგმობთ ამ ძალადობას. ჩვენმა პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ მოვლენები შემაშფოთებლად ვითარდება კანონმდებლობასთან დაკავშირებით. კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რომელიც მეორე მოსმენით მიიღეს, არის მიუღებელი იმ ფორმით, როგორიცაა ახლა და ქმნის სერიოზულ წინააღმდეგობას ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. 

მეორე მხრივ, პროგრესი 9 ნაბიჯთან დაკავშირებით შეზღუდულია და ესეც არაა კარგი, თუმცა დრო ჯერ კიდევ არის. ჩვენს რეკომენდაციებს დავწერთ სექტემბერში და გამოვაქვეყნებთ ოქტომბერ-ნოემბერში. ბურთი ახლა ხელისუფლების მოედანზეა. ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა. კომისია აქაა კანდიდატ ქვეყნებთან სამუშაოდ. ვიცი, ქართველ ხალხს უნდა მეტად დაახლოება ევროკავშირთან და მჯერა, ეს ენდომება ხელისუფლებასაც. იმედი მაქვს, ის ძალიან მძიმე სიტუაცია, რაც დღეს ვნახეთ მოგვარდება. ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული ნაბიჯის წინ გადადგმა. მე ნათლად ვთქვი, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გზაზე ეს კანონი პრობლემაა. როგორც მესმის, ის მეორე მოსმენით მიიღეს . კიდევ უნდა იყოს მესამე მოსმენა, პრეზიდენტის ვეტო, რომელიც შეიძლება ამას მოჰყვეს. ვფიქრობ, დრო რომელიც ჯერ კიდევ გვაქვს, უნდა იყოს გამოყენებული, რომ იყოს დებატები კანონის არსთან დაკავშირებით. ის აშკარად მიუღებელია იმ ფორმით, რომლითაც ახლა არის. ის შეუთავსებელია ევროპულ ფასეულობებთან. ამდენი ხალხის ქუჩაში დანახვა არის საზოგადოებაში დაძაბულობის ნიშანი. 

ძალადობა ყოველთვის ცუდია, ამიტომ ჩვენ შეშფოთებული ვართ ამასთან დაკავშირებით. ევროკავშირს აქვს კანონი გამჭვირვალობასა და დემოკრატიასთან დაკავშირებით. ის არაა განკუთვნილი საზოგადოების კონკრეტული აქტორების განსასაზღვრად და მიზანში ამოსაღებად და ის ნამდვილად არ განსაზღვრავს მათ, როგორც უცხოეთის ინტერესების გამტარებს, თუკი ისინი უცხოურ დაფინანსებას იღებენ. " ამბობს ხერტ იან კოოპმანი [თარგმანი: ფორმულა]

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი