
თბილისის მერი, კახი კალაძე ამბობს, რომ თუ მას შეურაცხყოფას მიაყენებენ, იგივე დაუბრუნდებათ. ასე უპასუხა მან კითხვას გუშინ მომხდარზე, რა დროსაც მან "ფორმულას" ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და "თავხედი ნაძირალა" უწოდა.
ჟურნალისტმა მერს ჰკითხა სურს თუ არა ბოდიშის მოხდა, რაზეც კალაძეს გაეცინა, შემდეგ კი მედიის წარმომადგენლებს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე მიულოცა.
"დღეს არის პრესის საერთაშორისო დღე, პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ, თავისუფლება და დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ადამიანს მიაყენო შეურაცხყოფა, უწოდო უტიფარი. ნუ გექნებათ იმის ილუზია, როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებ, მერე რა, შეიძლება პოლიტიკოსი ვიყო, შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები გქონდეთ, მაგრამ არ გაქვთ უფლება, ელემენტარული ურთიერთობიდან გამომდინარე ადგეთ შეურაცხყოფა მომაყენო ან მე ან სხვა კონკრეტულ პოლიტიკოსს. [მაღალჩინოსანი ხართ, თანამდებობის პირი ბრძანდებით, გაქვთ თუ არა თმენის უფრო მეტი ვალდებულება] რა, ანუ შეურაცხყოფა მომაყენოთ და მე თავი დაგიხაროთ? არავისთვის არასდროს არ მიკადრებია თავს დავსხმოდე, შეურაცხყოფა მიმეყენებინოს, ყოველთვის ვარ თავდაცვის რეჟიმში, ამიტომ თუ იქნება ჩემ მიმართ შეურაცხყოფა, მერწმუნეთ, რომ იგივე დაგიბრუნდებათ", - ამბობს კალაძე.
მისივე თქმით, არ არის კულტურა, როცა ჟურნალისტი თავხედობს და შეურაცხყოფას აყენებს რესპონდენტს, თუმცა მის მიერ ჟურნალისტის პირად შეურაცხყოფაზე არაფერს ამბობს. იხილეთ: