ვანო ნადირაძის თქმით, თავისუფლების მოედანზე "ხარებას" დაჯგუფების წევრებმა მის შვილს სცემეს

გამოქვეყნდა:

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე ამბობს, რომ პირველ მაისს, თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, მის შვილს სცემეს. ოჯახი ამბობს, რომ მას მიზანმიმართულად გაუსწორდნენ "ხარებას" დაჯგუფების წევრები თავისუფლების მოედანზე, როცა მანქანას აჩერებდა აქციაზე მისასვლელად.

ნადირაძე ყვება - "არც კი იყო მისული პროტესტის ადგილამდე, მიესია ბანდა, ხარებას თამადობით, ხარებაც უშუალოდ იქ იყო. მხოლოდ და მხოლოდ სასტიკად იმის გამო სცემეს, რომ ჩემი შვილი იყო. რის შედეგადაც, უკვე მძიმე მდგომარეობაში, ჯერ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ დუშეთის რაიონის იზოლატორში".

ბებია, ანა მაღრაძე "მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმარში" ამბობს, რომ უკვირს საიდან იცოდა "ხარებამ" ვინ იყო მისი შვილიშვილი. 

"ეგ მიკვირს, შუბლზე ხომ არ ეწერა, რომ ვანო ნადირაძის შვილი იყო, საიდან მოხდა უცბად ამოცნობა, რომ უფრო მეტად გაროზგეს და სცემეს ჩემი შვილიშვილი. [...] მე ხომ ვერ დავუშლი, ვერ დავუშლი კი არა მე, ამ ხნის ქალი, 78 წლის ქალი აქციებზე დავდივარ და შვილიშვილის როგორ დავუშლი არ მიხვიდე-მეთქი. [...] მანქანით იყო მისული, მანქანიდან გადმოუთრევიათ, დასევიან ძალიან ბევრნი, ნიღბიანები. უკვე წაყვანილი ჰყავდათ, ჩვენ რომ მივედით,  ქალები იყვნენ იქ და სახეზე იფარებდა ხელებსო, რომ სახე არ დაეზიანებინათო, მაგრამ მაინც მოხვდა მარცხენა თვალის მხარეს, წიხლებით, რა თქმა უნდა, დალურჯებული აქვს სულ ტანი, ნაცემია მაგრად", - ყვება ბებია.

ნადირაძე ამბობს, რომ მის შვილს მოჰპარეს პირადი ნივთებიც, მათ შორის საათი.

"თუ რამის გაკეთება გინდა და რამის ტ**კი გაქვს, აგერ ვარ, ჩამოდი და გამეცი პასუხი.... შვილს როგორ ეხები ბიჭო, ოჯახი და შვილი არის წმინდა, რა თქმა უნდა, პასუხს უნდა ელოდო, მაგრამ არა შენ ოჯახზე, არა თქვენ ოჯახებზე, არა თქვენ შვილებზე, იმიტომ, რომ მათ ჩემთვის არაფერი არ დაუშავებიათ".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი