საქართველოში მომუშავე ანთროპოლოგებისა და ეთნოლოგები რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და ხელისუფლებას მისი გაწვევისკენ მოუწოდებენ.
განცხადების ხელმომწერები აცხადებენ, რომ ეს კანონი "საფრთხეს უქმნის სამეცნიერო საქმიანობასაც."
"საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტსა თუ ინსტიტუტში დასაქმებული ანთროპოლოგები შეშფოთებულები და დამწუხრებულები ვართ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით. როგორც სოციალური და კულტურული პროცესების მკვლევრები, ჩვენ სიღრმისეულად ვაცნობიერებთ, რომ ქვეყანაში წარმოქმნილი პოლიტიკური მღელვარება უდიდეს დაღს ასვამს როგორც საგარეო, ისე ქვეყნის შიგნით არსებულ საზოგადოებრივ კავშირებს, ნდობასა და თანაცხოვრების შესაძლებლობებს.
ანთროპოლოგიის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, ცოდნას, რომელსაც დარგის მკვლევრები ქმნიდნენ, საფუძვლად ედო საერთაშორისო თანამშრომლობისა და პროფესიული მხარდაჭერის პრინციპი, რაც პროგრესული ინტელექტუალური გარემოს შექმნას ემსახურებოდა.
ანთროპოლოგიაში დამკვიდრებული შეხედულებაა, რომ ასეთი ცოდნა ქმნის სუვერენობისა და ავტონომიურობის საფუძველს ნებისმიერი საზოგადოებისთვის. ამიტომ ისტორიულად ამ პრინციპისთვის არაერთხელ შეუყენებია წყალი ავტორიტარულ, ტოტალიტარულ თუ იმპერიულ რეჟიმებს. ამ მხრივ, არც საქართველოა გამონაკლისი.
ანთროპოლოგიას, რომელსაც მეოცე საუკუნის დასაწყისიდან საქართველოში ეთნოგრაფიისა და ეთნოლოგიის სახელით ვხვდებით, საკმაოდ ხანგრძლივი და შთამბეჭდავი ისტორია აქვს. მიუხედავად ამისა, საბჭოთა იმპერიის ფარგლებში, დარგის განვითარება მნიშვნელოვნად შეიზღუდა.
მაგალითად, ქართული ეთნოლოგიური სკოლის ფუძემდებელ გიორგი ჩიტაიას, რომელსაც თავად განათლება გერმანიაში ჰქონდა მიღებული, სურდა დარგის ცალკე მიმართულებად განვითარება და მისი ეთნოლოგიის სახელით დამკვიდრება. თუმცა, იმპერიული ცენტრიდან მას ამის შესაძლებლობა არ მიეცა და ეთნოლოგია მხოლოდ ისტორიის ნაწილად იქცა, რომლითაც ის დამხმარე დარგად გამოცხადდა ეთნოგრაფიის სახელით.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, გაჩნდა უამრავი შესაძლებლობა ამ დარგით დაინტერესებულებისთვის. თუმცა, ჩამოშლილი საგანმანათლებლო სისტემის, მწირი დაფინანსებისა და მატერიალური რესურსების პირობებში, ბევრმა ადამიანმა კვლევითი საქმიანობა, ცოდნისა თუ გამოცდილების მიღება საერთაშორისო ფონდების დახმარებით შეძლო.
დღეს საქართველოს სხვადასხვა სასწავლო თუ კვლევით ინსტიტუტში უამრავი ანთროპოლოგი თუ ეთნოლოგი ვიყრით თავს. ჩვენ, საქართველოს ანთროპოლოგებს, გვაერთიანებს როგორც დარგის განვითარების საერთო ხედვა, ასევე ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო სამეცნიერო ტრაექტორიის შენარჩუნების სურვილი.
ჩვენ მიერ მიღებული საერთაშორისო თუ ადგილობრივი გამოცდილება გვარწმუნებს, რომ ჩვენი დარგის და ზოგადად მეცნიერების განვითარების უალტერნატივო გზა ცოდნის პროგრესულ საერთაშორისო სამეცნიერო წრეებთან ინტეგრაცია, ერთმანეთისთვის ცოდნის გაზიარება და ურთიერთთანამშრომლობაა. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ანთროპოლოგიამ შეასრულოს დარგის მიერ ნაკისრი მისია, წინ წამოწიოს ხმაწართმეული და ჩაგრული ადამიანების ისტორიები და გააღვივოს მათ მიმართ სოლიდარობა.
მაგრამ ის პროცესი, რომლის ნაწილიც ჩვენ ახლა ვართ, მოასწავებს ასეთი ცოდნის შექმნისათვის უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობის გაქრობას, საზოგადოების სხვა ნაწილებთან ერთად, პროფესიული ავტონომიურობის რღვევას და აკადემიური სივრცის ეროზიას.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებით იქმნება საშიშროება არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, არამედ მთელი რიგი საქმიანობებისთვის, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სუვერენობის საფუძველია. ეს კანონი საფრთხეს უქმნის სამეცნიერო საქმიანობასაც, რომელიც განვითარებად ქვეყანაში, იმთავითვე, არის პრეკარიატული და დაბალანაზღაურებადი სფერო. ამის ფონზე, საერთაშორისო კავშირები და ფონდების დახმარება ხშირად ერთადერთი ალტერნატივაა, რომელიც ქმნის მეცნიერების წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას.
ანთროპოლოგებს გათვითცნობიერებული გვაქვს, რომ ევროინტეგრაციისთვის ბრძოლა არ არის სწრაფვა უბრალოდ მითიური იდეალისკენ, არამედ ესაა მისწრაფება ისეთი სივრცის შექმნისთვის, სადაც კონკრეტული საჭიროებებისა და უფლებებისთვის ბრძოლა სხვებთან ერთად არის შესაძლებელი. ბრძოლის ეს ველი და ის ინსტრუმენტები, რომელსაც ევროპული ტრაექტორია იძლევა, არის ავტონომიურობისა და სუვერენობის საფუძველი და არა კანონები, რომელიც ადამიანებისა და საქმიანობების ინსტიტუციურ თუ პიროვნულ სტიგმატიზებას ემსახურება.
ამ პროფესიულ პერსპექტივაზე დაფუძნებული ცოდნითა და რწმენით, ჩვენ მოვითხოვთ მთავრობამ უკან გაიწვიოს აღნიშნული კანონი. ჩვენ ასევე მივმართავთ საქართველოს სამეცნიერო დაწესებულების ხელმძღვანელებსა და მეცნიერ-თანამშრომლებს, შემოუერთდნენ ამ პროფესიული სოლიდარობის აქტს, რათა ერთად დავძლიოთ არსებული პოლარიზებ,ა" - წერია განცხადებაში, რომელსაც "პუბლიკა" ავრცელებს.
განცხადებას ხელს აწერენ: