პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება დღეს ან მოხდება ხვალ, სრულად ეკისრება ხელისუფლებას...კანონპროექტის მეორედ ინიცირება იყო პროვოკაცია | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

"პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება დღეს ან მოხდება ხვალ, ზეგ, ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას... [რუსული] კანონპროექტის მეორედ ინიცირება იყო პროვოკაცია," - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს იმ განცხადებებისთვის, რომმელიც საქართველოს და მისი ევროპული გზის მხადასაჭერად გაკეთდა.

"მინდა მადლობა გადავუხადო თქვენს მთავრობებსა და ოფიციალურ წარმომადგენლებს საქართველოს მხარდაჭერისა და საქართველოს ევროპული გზის მხარდამჭერი განცხადებებისათვის.

ნამდვილად, საქართველოს ევროპული გზა საქართველოს ერთადერთ გზად რჩება (როგორც ეს ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი) და სწორედ ეს ის კონსტიტუციაა, რომლის დასაცავადაც აქ ვარ. მე ვიცავ კონსტიტუციას და ასევე, წარმოვადგენ და ვიცავ საზოგადოების ხმას, იმ ახალგაზრდების ხმას, რომლებიც ქუჩებში მშვიდობიანად და ძალიან პასუხისმგებლინად დგანან, მაგრამ ასევე, სხვა დანარჩენი მოსახლეობის ხმას, რომლებიც შეიძლება ქუჩებში არ გამოდიან, მაგრამ მრავალი წლის მანძილზე იზიარებენ ევროპულ პერსპექტივას და გეგმას და რომლებმაც გამოხატეს ევროკავშირში გაწევრიანების ნება.

მინდა გითხრათ - ყველანი ვადევნებთ თვალს ამ აქციას, მე არ ვარ არცერთი ამ მოძრაობის ლიდერი - მე ქვეყნის პრეზიდენტი ვარ, მე მხოლოდ მხარს ვუჭერ იმ ყველაფერს, რაც თანხვედრაშია ჩვენს ევროპულ სურვილთან, მაგრამ ასევე, ძალიან ყურადღებით ვარ იმის მიმართ, რაც ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - ეს არის სტაბილურობა.

მინდა ვთქვა, რომ პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რა ხდება დღეს, რა მოხდება ხვალ, ან ზეგ  ქვეყნის ხელისუფლებას, ქვეყნის მთავრობას ეკისრება, რადგან ამ მოვლენათა ჯაჭვი მათ გამოიწვიეს.

ეს მოვლენები გამოიწვია იმან, რომ ხელისუფლებამ არსაიდან, ხელახლა სწორედ მაშინ წარადგინა ეს ძალიან პროვოკაციული „უცხო აგენტების“ კანონი და სხვა კანონები, როდესაც მთელი ქვეყანა ევროპული გზის ირგვლივ იყო გაერთიანებული, როდესაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, როდესაც ჩვენმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაცია მოიპოვა.

ამ კანონებს მე ერთი-მეორის მიყოლებით ვადებ ვეტოს, რადგან ისინი ეწინააღმდეგება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ჩვენ უნდა შევასრულოთ თუ გვინდა, რომ წლის ბოლომდე (ან უახლოეს პერიოდში) გავხსნათ მოლაპარაკებები. ასე რომ, ამის გაკეთება [ამ კანონის ხელახლა წარდგენა] თავისთავად პროვოკაცია იყო ევროკავშირის კარის გაღების ნახვით ბედნიერი საზოგადოების წინააღმდეგ. ასე რომ, ეს იყო საზოგადოებაზე ძალადობა. იმ საზოგადოებაზე, რომელიც ყოველთვის ხედავდა, რომ საუკეთესო თავდაცვა, ჩვენი უსაფრთხოების საუკეთესო გრძელვადიანი დაცვა და თავდაცვა რუსეთის ნებისმიერი იმპერიალისტური მცდელობებისგან - ევროკავშირია," - აცხადებს პრეზიდენტი.

ასევე ნახეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი