4 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ლევან ხაბეიშვილი გახდა სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი, მოვითხოვთ დაიწყოს საქმის გამოძიება | ენმ

გამოქვეყნდა:

ენმ-ში აცხადებენ, რომ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმიდან 4 დღე გავიდა და მოძალადეები ამ დრომდე დაუსჯელები რჩებიან. ენმ ითხოვს დაიწყოს გამოძიება, ამოიღონ ყველა კადრი, რათა საზოგადოებამ იხილოს ვინ არიან ის პირები, ვინც ოპოზიციონერ ლიდერს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, სასტიკად გაუსწორდნენ. ენმ-ის გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ამ ყველაფერში მონაწილეობას პირადად იღებდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, გოგა მემანიშვილი.  

„უკვე ოთხი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ლევან ხაბეიშვილი გახდა არაჰუმანური და სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი სახელმწიფოს მხრიდან. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის ჯალათების მიერ ის იყო გატაცებული რამდენიმე წუთის გამავლობაში მას სასტიკად სცემდნენ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას ვიდეოსაც უღებდნენ, სთხოვდნენ საკუთარი თავის შეურაცხმყოფელი განცხადების გაკეთებას, საბოლოოდ ვიხილეთ მისი ვიზუალი და ოთხი დღის თავზე არავინ არის პასუხისგებაში მიცემული.

არავინ არ არის თანამდებობიდან გათავისუფლებული და არავის არ დაეკისრა სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი. 29 აპრილს, საბიუჯეტო თანამშრომლების მიერ ხელოვნურად ორგანიზებულ მიტინგზე ბიძინა ივანიშვილი წარადგინეს შემდეგნაირად - რით ვერ გაიცნო ეს კაცი დასავლეთმა ამდენი ხანი. შემდეგი 24 საათის განმავლობაში, თავისი სიტყვიდან გამომდინარე, როდესაც მან ეფექტურად დააანონსა საქართველოს ბელორუსიზაცია და შემდეგი 24 საათის განმავლობაში, როდესაც ვიხილეთ ლევანის დასახიჩრებული ვიზუალი, ძალიან კარგად გაიცნო მსოფლიომ ბიძინა ივანიშვილი. 

ეს არის მისი სახე, აქედან გამომდინარე, ჩვენ დაუყოვნებლივ ვითხოვთ, რომ ეფექტური გამოძიება, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების მიხედვით არის სახელმწიფოს არსებითი ვალდებულება, რომ ასეთი დანაშაულები იყოს გამოძიებული და არავის არ ჰქონდეს პოლიტიკური იმუნიტეტი, რომ ის თავისუფლად ივლის ასეთი დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ამოღებულ იქნას ყველა კადრი, საზოგადოებამ ნახოს ვინ არიან ეს დამნაშავეები. 

ბატონო მემანიშვილი მონაწილეობდა ამ ყველაფერში და თავისი სამხრეების გარდა, ტელეფონითაც იღებდა ამ ცემის ფაქტს და დარწმუნებული ვარ, რომ ის დაკითხულიც არ არის. ასე რომ, სასწრაფოდ ყველა ეს ადამიანი იყოს გამომზეურებული და დაკითხული და საზოგადოებამ უნდა იცოდეს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი