რუსული კანონი მოქმედებაში | რუსეთში, "უცხოელ აგენტებს" კანდიდატებად მონაწილეობა ყველა დონის არჩევნებში აეკრძალათ

გამოქვეყნდა:

რუსეთში „უცხოეთის აგენტებად“ რეგისტრირებული პირები არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ. ქვეყნის სახელმწიფო სათათბირომ დაამტკიცა შესწორებები კანონში „საარჩევნო უფლებების ძირითადი გარანტიების შესახებ“, რომელთა მიხედვითაც „უცხოელ აგენტებად“ რეგისტრირებულ პირებს ყველა დონის არჩევნებში ეკრძალებათ კანდიდატებად მონაწილეობა.

შესწორებების თანახმად, პირები, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოებულ „უცხოეთის აგენტების“ სიაში, ასევე "ექსტრემისტულ" ან "ტერორისტულ" ორგანიზაციებად მიჩნეულ უწყებებთან კავშირების მქონეთა სიაში არიან შეყვანილი, ასევე ვერ შეძლებენ იყვნენ დამკვირვებლები, კანდიდატებისა და საარჩევნო გაერთიანებების ნდობით აღჭურვილი პირები, ან მათი წარმომადგენლები.

 რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში „უცხოეთის აგენტებად“ მიჩნეული პირები ამჟამად არ არიან, თუმცა ასეთები არიან მოსკოვის საქალაქო სათათბიროში, პეტერბურგის საკანონმდებლო საბჭოში, კომის რესპუბლიკის საკანონმდებლო საბჭოსა და მუნიციპალურ დეპუტატებს შორის. კანონში მიღებული შესწორებები მათთვის უფლებამოსილების დროზე ადრე ჩამორთმევასაც ითვალისწინებს.

 რუსეთში „არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ“ კანონში შესწორებები 2012 წელს იქნა შეტანილი და ისინი ითვალისწინებდა უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების „უცხოელ აგენტებად“ გამოცხადებას. თუმცა, მომდევნო წლებში კანონი გამკაცრდა და გავრცელდა ასევე მედიასა და ფიზიკურ პირებზე. 2013 წლიდან დღემდე რუსეთში უცხოელ აგენტად 262 ფიზიკური პირი და 200-ზე მეტი ორგანიზაცია გამოცხადდა.

ავტორი: რამაზ ხატიაშვილი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი