ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ აგრძელებენ რაფაჰზე თავდასხმას

გამოქვეყნდა:

ისრაელმა უარყო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ "ჰამასის" წინადადება და განაცხადა, რომ აგრძელებს თავდასხმას ქალაქ რაფაჰში, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილი.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ახორციელებენ "მიზანმიმართულ დარტყმებს" ქალაქის აღმოსავლეთით, რომელიც "ჰამასის" ბოლო დასაყრდენია ღაზაში. 

"ჰამასმა" განაცხადა, რომ მისმა ხელმძღვანელმა, ისმაილ ჰანიემ აცნობა კატარისა და ეგვიპტის შუამავლებს, რომ დათანხმდნენ მათ წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ ზავის წინადადება არ შეესაბამება მათ მოთხოვნებს. თუმცა, ისრაელი აცხადებს, რომ გაგზავნის დელეგაციას მომლაპარაკებლებთან, რათა შეეცადოს მიაღწიონ შეთანხმებას.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი დელეგაცია გაემგზავრება ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, რათა გააგრძელოს არაპირდაპირი მოლაპარაკებები ისრაელსა და ჰამასს შორის. ეგვიპტე და კატარი თვეების განმავლობაში შუამავლები არიან.

ათასობით ისრაელელმა მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქცია მოაწყო და მთავრობას შეთანხმებისკენ მოუწოდა. ჰუმანიტარული ჯგუფები აფრთხილებენ ისრალეს, რომ რაფაჰზე თავდასხმა დამღუპველი იქნება 1,4 მილიონი პალესტინელისთვის, რომლებმაც ამ ნაწილს შეაფარეს თავი.

შეგახსენებთ - ღაზაში "ჰამასის" მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ომის დროს 34 600-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, მათგან დაახლოებით ორი მესამედი ქალები და ბავშვები არიან. გაერო აცხადებს, რომ ანკლავი შიმშილის ზღვარზეა.

ომი დაიწყო მას შემდეგ, რაც "ჰამასის" მებრძოლები 7 ოქტომბერს ისრაელის საზღვარზე შეიჭრნენ, მოკლეს დაახლოებით 1200 ადამიანი და აიყვანეს 252 მძევალი, რომელთაგან 133 ჯერ კიდევ ღაზაში ტყვეობაშია, ისრაელის მონაცემებით.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი