რუსეთმა Freedom House-ი "არასასურველ ორგანიზაციად" ცნო

გამოქვეყნდა:

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ი, რომელიც უკრაინის დახმარებას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას უჭერდა მხარს, არასასურველ ორგანიზაციად ცნო.

გენერალური პროკურატურის ცნობით, Freedom House-ის ძირითად საქმიანობას შორის არის "აშშ-ის ე.წ. "დომინანტი" როლის დამკვიდრების ხელშეწყობა და უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით, "არამეგობრული სახელმწიფოების" პოლიტიკის ხელშეწყობაში მონაწილეობა. მათ შორის რუსული არმიის დისკრედიტაცია."

პროკურატურა ასევე აღნიშნავს, რომ Freedom House-ი რუსულ ოპოზიციურ სტრუქტურებს, ტერორიზმის მუხლით მსჯავრდებულებს, ასევე "პროდასავლურ" და LGBTQAI+ აქტივისტებს, უჭერს მხარს.

Freedom House-ი 1941 წელს აშშ-ის პრეზიდენტის ფრანკლინ დელანო რუზველტის მეუღლის, ელეონორის მონაწილეობით დაარსდა. ის უკვე 40 წელზე მეტია, იკვლევს პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებს მთელს მსოფლიოში.

"არასასურველი ორგანიზაციების" სია კი რუსეთში 2015 წლიდან არსებობს. გენერალური პროკურატურის მიერ არასასურველად ცნობის შემდეგ ორგანიზაცია იუსტიციის სამინისტროს მიერ უნდა შევიდეს შესაბამის რეესტრში, სადაც ამ დროისთვის 160 ორგანიზაციაა. ამ სიაში არსებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი