19 აპრილის შეთანხმებაში "ოცნებას" უცხოელმა პარტნიორებმა ერთ-ერთი პუნქტი თავს მოახვიეს | პაპუაშვილის ანტიდასავლური განცხადება

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მორიგ ანტიევროპულ განცხადებას აკეთებს და ამტკიცებს, რომ 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი "ოცნებას" უცხოელმა პარტნიორებმა "მოახვიეს თავს". საუბარია პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირების პუნქტზე. შეთანხმების მიხედვით, უნდა გადადგმულიყო კონკრეტული ნაბიჯები ორ საქმეზე, ამ ორ საქმეში გიორგი რურუასა და ნიკა მელიას საქმეები მოიაზრებოდა. რურუა პრეზიდენტმა შეიწყალა, მელია კი ცხიდიან ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა. თანხა გამოყო ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), რომელსაც პაპუაშვილი გაუმჭვირვალობაში ადანაშაულებს.

"19 აპრილის შეთანხმების ქვემოთ მოყვანილი პუნქტი, რომელიც ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობით შეიქმნა, გათავისუფლებაში დაეხმარა ორ კრიმინალს და ამნისტირება გაუკეთა „დამრღვევებსა და სასჯელმისჯილებს 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტიდან“. ეს მუხლი „ქართულ ოცნებას“ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა მოახვიეს თავს ‘საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე“.

თუმცა, მოგვიანებით, ამნისტირებულმა დამნაშავეებმა ყველაფერი იღონეს, რაც კი შეეძლოთ, რომ ქართული ოპოზიციის რადიკალიზება მოეხდინათ და ამით უფრო დაემძიმებინათ პოლიტიკური პოლარიზაცია. ამ გათავისუფლებულთაგან ერთ-ერთი ნიკა მელია იყო, ნაციონალური მოძრაობის მაშინდელი თავმჯდომარე, რომლის თავდების თანხა "ევროპის დემოკრატიის ფონდმა" (EED) გადაიხადა. ეს ის ფონდია, რომელიც უარს აცხადებს მისი ფინანსების სრულად გასაჯაროებაზე და რომლის მიერ დაფინანსებული ენჯეოები და პარტიები, ამ დღეებში, ყველაზე რადიკალური ქცევით გამოირჩევიან", - წერს პაპუაშვილი.

მისივე აზრით, ამ ამნისტიამ კიდევ უფრო წააქეზა პოლიტიკური ძალადობა. პარლამენტის თავმჯდომარე "უცხოელ აქტორებს" რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამართული აქციების შესახებ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების გამო "ზედაპირულ და მიკერძოებულ" დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.

"გასულ კვირას კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს საქართველოს პარლამენტს. სამწუხაროდ, 2019 წლის შეცდომა კვლავ განმეორდა, ზოგიერთმა უცხოელმა აქტორმა წინდაუხედავად ძალადობრივი აქციები კვლავ „მშვიდობიანად“ მონათლა, პოლიციის ლეგიტიმური ქმედება, ძალის მინიმალური გამოყენებით კი - დაგმო.

ამგვარი ზედაპირული და მიკერძოებული დამოკიდებულება პოლიტიკური მოვლენების მიმართ მხოლოდ და მხოლოდ აქეზებს პოლიტიკურ ძალადობას და აზიანებს დემოკრატიულ პროცესს საქართველოში. თან ეს იმ ფონზე, რომ ყოველ ჯერზე მცდარი დასკვნების გამოტანის მიუხედავად, ეს აქტორები, პასუხისმგებლობის აღებაზე არც კი ფიქრობენ", - წერს პაპუაშვილი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი