"ოცნების" ახალ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც პარტია ქმნის მთავრობის კრიტიკოსების რეესტრს, ოპოზიციურ პარტიებში აფასებენ. კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სიაში შეიყვანენ იმ ადამიანების მონაცემებს, ვინც, მათი მტკიცებით, "ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს".
"თავისთავად, ფაქტი სასაცილოა, რომ დააკოპირეს mona.ge-ს იდეა, თუმცა თვითონ ის, რომ რეესტრს აკეთებენ ადამიანებს, რომლებსაც განსხვავებული პოზიცია აქვთ, განსხვავებული აზრი აქვთ და ეს რეესტრი იარსებებს, არის სახიფათო ამბავი, იმიტომ, რომ ვიცით როგორ მუშაობს იგივე სისტემა რუსეთში, სადაც კონკრეტული ადამიანები, და ასეთები ბევრნი არიან, ციხეებში სხედან FACEBOOK-ზე ლაიქების და შეარების გამო, ამიტომ, ერთი მხრივ სასაცილოა რომ აკოპირებენ, მაგრამ მეორე მხრივ უნდა გვესმოდეს საით მიდის ეს პროცესი და საითაც მიდის, ის საერთოდ არ არის სასაცილო ამბავი", - ამბობს "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
"ეს არის სწორედ რუსული რეჟიმის ლოგიკის გაგრძელება" - ამბობს "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია და განმარტავს, რომ რუსული კანონი და ეს სიაც არის იდენტური იმ პროცესებისა, რომელიც მიდის რუსეთში.
"თუ mona.ge შემოინახავს საშვილიშვილოდ იმ ხალხის სიას, ვინც ქმნიდა ამ რუსულ რეჟიმს, ეს სია შემოინახავს იმ ხალხის სიას, ვინც რეალურად არის ღირსეული მებრძოლი, თავისუფლების მოყვარე", - თქვა მან.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძემ პაპუაშვილს მიმართა და ჰკითხა როგორ საუბრობს ძალადობაზე, როცა რეაგირება არ აქვთ ნაცემ ახალგაზრდებზე, ენმ-ის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილის ცემაზე.
"შალვა ნუ ჩაჰყვები საფლავში ბიძინას, პირდაპირ გეუბნები, იმიტომ, რომ ახლა რა გზასაც ადგახარ, არის სწორედ ეგ, ბიძინას საფლავში და სამარისკენ მიმავალი გზა", - ამბობს ვაშაძე.
"ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ბესო დონაძე ამბობს, რომ "ოცნება" მის აქტივს, ზონის ხელმძღვანელებს, საარჩევნო უბნების ხელმძღვანელებს, კოორდინატორებს დაავალებს, რომ მის სამეზობლოში, უბანში, ე.წ. "დანოსი" გააკეთოს მეზობლებზე, უბნელებზე, რომლებიც "ოცნებას" ეწინააღმდეგებიან.
"ფაქტობრივად, პაპუაშვილმა უბნის კოორდინატორები დღეს გამოაცხადა უბნის აგენტებად", - თქვა დონაძემ.
იხილეთ: