კობახიძის აზრით, აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი "არაგულწრფელი ახალგაზრდა ნაციონალები" არიან

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ვრცელ ღია წერილს აქვეყნებს რუსულ კანონთან და მის საწინააღმდეგოდ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. კობახიძის მტკიცებით, აქციებში სტაბილურად 10 000-მდე ადამიანი მონაწილეობას, ხოლო ამ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი "სრულიად არაგულწრფელი ახალგაზრდა ნაციონალები არიან".

"გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი სრულიად არაგულწრფელი ახალგაზრდა ნაციონალები არიან", - წერს კობახიძე. 

ამავე წერილში პრემიერმინისტრი ამბობს, რომ "ამ არაგულწრფელ ახალგაზრდებთან ერთად", აქციებში მონაწილეობენ გულწრფელი ახალგაზრდებიც. მისივე თქმით, ერთ-ერთი ანტირუსულ აქციებში მონაწილე ახალგაზრდა მისი ნაცნობია და FACEBOOK-ზე ხშირად ხვდება მისი პოსტები. კობახიძე ამტკიცებს, რომ მან ხმა 2020 წელს "ნაციონალებს" მისცა, თვითმართველობის არჩევნებში კი "ნაცმოძრაობის ერთ-ერთ დანაყოფს" - ხაზარაძეს ან გახარიას.

"ეს ახალგაზრდა დღეს 25-27 წლის იქნება. 2020 წლიდან ის რევოლუციის ორივე მცდელობას აქტიურად უჭერდა მხარს და ალბათ, არცერთი ოპოზიციური აქცია არ გამოუტოვებია.

2020 წელს მან ხმა მისცა ნაციონალებს. იმდენჯერ აქვს „ფეისბუკში“ დაწერილი, რომ ნაცი არ არის, სავარაუდოდ, პარტია „ნაცმოძრაობისთვის“ ხმის მიცემის თავის თავთანაც მოერიდებოდა. თუმცა, მის „ფეისბუკ“-აქტივობას თუ დავაკვირდებით, აშკარაა, რომ 2020 წელს მან „ნაცმოძრაობის“ ორი დანაყოფიდან ერთ-ერთი - „ევროპული საქართველო“ ან „ლელო“ შემოხაზა", - ამტკიცებს კობახიძე.

პრემიერი ამტკიცებს, რომ ამ ადამიანს, რომელიც დღეს რუსულ კანონს აპროტესტებს "არც ქართული კანონი წაუკითხავს და მით უმეტეს, არც რუსული".

"ხშირად აზიარებს ხოლმე ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორების და „ენჯეოშნიკების“ ვიდეოებს, სადაც ეს ადამიანები ათას ტყუილს ამბობენ. ის კი, ამ ყველაფერს არც ამოწმებს, რადგან მისთვის ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორიც და „ენჯეოშნიკიც“ ღმერთის სწორია, რომლის სიტყვასაც გადამოწმება საერთოდ არ სჭირდება", - წერს პრემიერმინისტრი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი