ამოღებულია 2 კანონიერ მფლობელობაში არსებული იარაღი, Airsoft-ის სათამაშო თოფები | აბაშიძე ბრალის წარდგენის მოლოდინშია

გამოქვეყნდა:

სამხედრო ჟურნალისტი და ბლოგერი უჩა აბაშიძე ბრალის წარდგენის მოლოდინშია. ის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

მისი ადვოკატისთვის საქმის მასალები ჯერჯერობით არ გადაუციათ. როგორც გიორგი მახარაძე ამბობს, ამ დროისთვის ამოღებულ იარაღზე ექსპერტიზას ელოდებიან, რომლის ჩატარების შემდეგაც პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს გაგრძელდება თუ არა სამართლებრივი დევნა.

"უჩა აბაშიძისგან ამოღებულია 2 ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც რეგისტრირებულია მის სახელზე და მის კანონიერ მფლობელობაშია. დანარჩენი რაც იქნა იარაღის მსგავსი საგნები ამოღებული, არის Airsoft-ის სათამაშო იარაღები, რომლითაც უამრავი ადამიანი მსოფლიოს გარშემო ერთობა. მათ შორის, საქართველოშიც. ჯერ ჩვენ ბრალი არ გვაქვს და არც დოკუმენტებია წარმოდგენილი საქმის მასალები არ გადმოგვცემია. აქედან გამომდინარე, კონკრეტულად რას ედავება პროკურატურა უჩა აბაშიძეს, ამას შევიტყობთ უკვე ბრალის შესახებ დადგენილებას თუ გამოიტანენ და როცა გააცნობენ მას და ჩვენ," - ამბობს აბაშიძის ადვოკატი, გიორგი მახარაძე.

ადვოკატებმა გუშინვე მიმართეს როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ასევე გენერალურ ინსპექციას და სამართალდამცავების მხრიდან აბაშიძის მიმართ უფლებების დარღვევის შესწავლა მოითხოვეს.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 8 თვის წინ თავად უჩა აბაშიძე ვარაუდობდა, რომ შესაძლოა მის წინააღმდეგ მსგავსი ქმედებები დაწყებულიყო. ვიდეოში, რომელიც მას სოციალურ ქსელში აქვს ატვირთული, თავად ყვება, რომ მას ყველა იარაღი აქვს რეგისტრირებული და ჩხრეკის შემთხვევაში გაფრთხილებული ჰყავს მეგობრები. იხსენებს იმასაც, თუ როგორ აჩერებს პოლიცია მას ქუჩაში.

შეგახსენებთ, რომ სტრაიკბოლის ფედერაციის ხელმძღვანელი და ბლოგერი უჩა აბაშიძე შსს-მ გუშინ, 9 მაისს, დააკავა. უწყება მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს.

დაკავებამდე აბაშიძის სახლთან პოლიციის განსაკუთრებული რაოდენობა იყო მობილიზებული. ადგილზე იმყოფებოდნენ მისი ოჯახის წევრები და ადვოკატი, რომლებსაც ბინაში შესვლის საშუალებას აძლევდნენ. 

ადვოკატის ინფორმაციით, ჩხრეკა უჩა აბაშიძის მონაწილეობის გარეშე ჩატარდა. სამართალდამცველები შევიდნენ აბაშიძის ცოლის, მარიამ იაშვილის სახლშიც. ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს აქციის მონაწილეებიც, რომლებმაც აბაშიძის სახლიდან იქ მსვლელობით გადაინაცვლეს და გზის გადაკეტვას ცდილობდნენ. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ასევე ნახეთ:

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი