
"ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმ ადამიანთა რაოდენობამ, ვინც გუშინ, წვიმის მიუხედავად, თბილისის ქუჩებში გამოვიდა", - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა და 11 მაისს თბილისში გამართულ მასშტაბურ ანტირუსულ აქციას გამოეხმაურა.
ჰერჩინსკის თქმით, მზად არიან კონსტრუქციულად იმუშაონ საქართველოს ხელისუფლებასთან არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის მიზნით.
"ჩემზე ნამდვილად შთაბეჭდილება მოახდინა იმ ადამიანთა რაოდენობამ, ვინც გუშინ წვიმის მიუხედავად თბილისის ქუჩებში გამოვიდა, რათა დაეფიქსირებინა აზრი არსებული მდგომარეობის შესახებ. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის არსებული სახით მიღება არ მოხდება. განვახორციელეთ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტის ორგანიზება, რათა ვესაუბროთ საქართველოს ხელისუფლებას ამის შესახებ. ეს მაღალი დონის ვიზიტები გაგრძელდება და ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ, მზად ვართ კონსტრუქციულად ვიმუშაოთ საქართველოს ხელისუფლებასთან არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის მიზნით", - აცხადებას ჰერჩინსკი
შეგახსენებთ, რომ Mapchecking-ის შეფასებით, 11 მაისს ევროპის მოედანზე სულ მცირე 200 000 ადამიანი იყო შეკრებილი, თუმცა, მათივე ვარაუდით, მთლიანობაში, დღის განმავლობაში, ეს რიცხვი შესაძლოა 300 000-სსაც მიუახლოვდა.