
"გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ დაგეგმილია ძალადობრივი მოქმედებები... სამართალდამცველები იმოქმედებენ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტებით", - ამის შესახებ პრემიერმინსტრმა, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიგინგზე განაცხადა.
"მინდა, გავაფრთხილო რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებების თითოეული წევრი, რომ ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს. ამასთანავე, მინდა ვთხოვო სამართალდამცავებს, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და ძალადობაზე და შეურაცხყოფაზე რეაგირებისას, იმოქმედონ ევროპულზე მაღალი სტანდარტით. სამართალდამცავებს მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმისათვის, რომ ძალადობის დიდი მასშტაბისა და სრულიად მიუღებელი ხარისხის მიუხედავად, გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, არსებითად, ისინი სწორედ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტებით მოქმედებდნენ..
გასული კვირების განმავლობაში, იყო რამდენიმე გამონაკლისი ინციდენტი, რომელიც ვერავისთვის იქნება მოსაწონი და მისაღები. საქართველო არის პატარა ქვეყანა, სადაც ადამიანები ერთმანეთს განსაკუთრებულად უნდა მოვუფრთხილდეთ. შესაბამისად, მოძალადეების მიმართ რეაგირების ის უხეში ფორმები, რომლებიც ჩვეულებრივი მოვლენაა ამერიკული ან ფრანგული პოლიციისთვის, არ უნდა იყოს მისაღები ქართველი სამართალდამცავებისთვის. აქვე, მინდა ყველას შევახსენო, რომ ნებისმიერი ინციდენტი რადიკალური ოპოზიციის მიერ მათ მიერ დაგეგმილი ძალადობის გადასაფარად იქნება გამოყენებული. მინდა გავაფრთხილო რადიკალური ოპოზიციის თითოეული წარმომადგენელი, ვისაც ხვალ და ზეგ დაგეგმილი აქვს ძალადობა, რომ მათი დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი და დიდი ალბათობით, ვერც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან შეწყალებას ვეღარ დაექვემდებარება.
[...]
...რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმისათვის, რომ მოხდეს ძალადობის პრევენცია. ანუ, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ამის სრულად განსაზღვრა. თუ ძალადობა არის დაგეგმილი, რა ტქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებენ შესაბამისი რადიკალური ძალები იმისათვის, რომ ეს ძალადობა განხორციელდეს. მთავარია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ შემთხვევაშიც იმოქმედებს არა ევრიპული სტანდარტებით, არამედ ევროპულზე და ამეირკულზე მაღალი სტანდარტებით", - თქვა კობახიძემ.