
პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, რუსულ კანონს მხარს მოსახლეობის 61% უჭერს, თუმცა კვლევის ჩამტარებელ ორგანიზაციას არ ასახელებს.
სოციოლოგიური კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, ხოლო 60%-ზე მეტი მხარს ჭერს უშუალოდ კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ხვალ და ზეგ აღასრულებს ქართული საზოგადოების ნებას, უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედია საშუალებების შემოსავლებისა და ხარჯების გასაჯაროება და შესაბამისად, შექმნას უფრო მყარი გარანტიები საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, - თქვა კობახიძემ და მოგვიანებით დააზუსტა, რომ რუსულ კანონს მხარს 61% უჭერს.
მოგვიანებით, ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ ჩაატარა აღნიშნული კვლევა, კობახიძემ თქვა: "ჩვენ ჩავატარეთ სოციოლოგიური კვლევა, ეს კვლევა ჩაატარა ერთ-ერთმა კომპეტენტურმა მაღალი... მე არ დავასახელებ, თუმცა არის, შეგიძლიათ დაახლოებით ივარაუდოთ, ვისთან შეიძლება ჩვენ ვმუშაობდეთ მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მაღალი, ასე ვთქვათ, კვალიფიკაციით გამორჩეული გუნდისგან შემდგარი ორგანიზაცია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 80%-ზე მეტი მხარს უჭერს გამჭვრივალობას, არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, უშუალოდ კანონთან დაკავშირებით დაისვა კითხვა, ზუსტად 61% დაფიქსირდა მხარდაჭერა".