განათლების სამინისტრო უნივერსიტეტების რექტორებისგან გაფიცვის დაგმობას ითხოვს | "მთავარს" წყარომ ტექსტი მიაწოდა

გამოქვეყნდა:

დედაქალაქი და რეგიონები მასშტაბურმა სტუდენტურმა გაფიცვამ მოიცვა - ახალგაზრდები უარს ამბობენ აუდიტორიებში დაბრუნებაზე მანამ, სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიწვევს.

ამის პარალელურად, "მთავარს" წყარომ განათლების სამინისტროდან მოაწოდა ოფიციალური განცხადება, რომელიც სამინისტრომ საქართველოს უნივერსიტეტებში დაგზავნა და მასზე რექტორებისგან ხელმოწერა მოითხოვა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საგანმანათლებლო სივრცე თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკისგან. ასევე ნათქვამია, რომ "კატეგორიულად მიუღებელია უნივერსიტეტების სახელით გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება." განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე და ხელს უშლის სასწავლო პროცესის წარმართვას.

"საქართველოს უნივერსიტეტები ვეხმიანებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომელმაც ასახვა პოვა უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის წარმართვაზე.

ჩვენი ევროპული მომავლის ფუნდამენტური საფუძველია თავისუფალ და არადისკრიმინაციულ გარემოში ახალგაზრდების განათლება. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს. შესაბამისად, ის არ უნდა აისახოს უნივერსიტეტის ფუნქციონირებასა და სწავლა-სწავლების წარმართვაზე. ამ მიზნების მისაღწევად და თითოეული სტუდენტის უფლებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად, აუცილებელია, რომ პოლიტიკურმა პროცესმა გავლენა არ იქონიოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებაზე. ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენთვის ღირებულია გამოხატვის თავისუფლების გარანტირება, ამასთან, საგანმანათლებლო სივრცე თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკისგან - არ უნდა მოხდეს სტუდენტთა ინტერესებისა და სასწავლო პროცესის დაზიანება.

ამ მხრივ, ჩვენთვის მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე და ხელს უშლის სასწავლო პროცესის წარმართვას. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტთა გარკვეული ჯგუფები შეუერთდნენ აქციის მონაწილეებს და უარი თქვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოცხადებაზე, უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა და არ შეჩერდება! ამასთან, აკადემიური პერსონალის ლექციებზე გამოუცხადებლობა წარმოადგენს არა მხოლოდ მათთვის კანონმდებლობითა და უნივერსიტეტებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევას, არამედ უშუალოდ აზარალებს იმ სტუდენტთა ინტერესებს, რომლებიც დღეს ესწრებიან სალექციო კურსებს. ლექტორთა მიერ სასწავლო პროცესის შეფერხება ხელს უშლის უმაღლესი განათლების მიზნების რეალიზებას და საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას. ეს ყველაფერი კი უარყოფითად აისახება ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული და ევროპული სტანდარტების შესრულებაზე.

შესაბამისად, თითოეული ჩვენგანი, პროფესორ-მასწავლებლები ვალდებულნი ვართ, უზრუნველვყოთ სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის უწყვეტად წარმართვა და ხელი შევუწყოთ საუნივერსიტეტო სივრცეებში პოლიტიკისგან თავისუფალი, ჯანსაღი და დემოკრატიული საგანმანათლებლო გარემოს შექმნას.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია უნივერსიტეტების სახელით გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება.

სტუდენტების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ ყველას, ნუ შეაფერხებთ უნივერსიტეტებში აკადემიური საქმიანობის წარმართვას, დაბრუნდით აუდიტორიებში - ერთად უზრუნველვყოთ ჩვენი სტუდენტებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო, რაც დღეს საქართველოს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია," - ნათქვამია განცხადებაში.

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი