ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება, აცხადებს, რომ რუსული კანონის პირობებში, საქართველოს გზა ევროპისკენ დაიკეტება.
"მთავარ არხთან" ინტერვიუში პავილიონისი აღნიშნავს, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებებს ევროკავშირი ივნისში იწყებს, საქართველოს საკითხი კი მაგიდაზე არ დევს.
"ჩვენ ვემხრობით კანონის უზენაესობას და არა რუსულ კანონს. ამიტომ, ჩვენ აქ ჩამოვედით ევროპის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების, კონსერვატორების, ქრისტიან-დემოკრატების, სოციალ-დემოკრატების სახელით, ასევე ლიბერალებიც შემოგვიერთდებიან. ჩვენთვის ძალიან რთული იყო, ჩვენი პარლამენტებისა და მთავრობების დარწმუნება, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიგვენიჭებინა და ახლა, ამ კანონის პირობებში, ევროპისკენ გზა დაკეტილია. გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ იქნება და ამიტომაც კანდიდატის სტატუსს ფასი ეკარგება.
გამოდის, რომ საქართველოს პარლამენტი და "ქართული ოცნება" თვითმკვლელობას სჩადიან. მე იმედი მაქვს, რომ ხვალ პარლამენტი არ დაუჭერს მხარს ამ კანონს. ჩვენ უკვე მოვამზადეთ საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეების ერთობლივი განცხადება, რომელსაც მხარდაჭერა აქვს ყველა დედაქალაქში და რომელიც სთხოვს საქართველოს პარლამენტს, რომ არ მიიღონ ეს კანონი. აქვე უნდა გვესმოდეს, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არიან მთავრობათაშორისი კონფერენცია, სადაც ერთ ქვეყანასაც შეუძლია გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადება.
ასე რომ, საჭიროა, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესო იყო. "ქართული ოცნება" კი, როგორც ჩანს, ცდილობს, რომ უარესთა შორის უარესი იყოს. უკრაინასთან და მოლდოვასთან ჩვენ უკვე ივნისში ვიწყებთ მოლაპარაკებებს და საქართველოს საკითხი მაგიდაზე არ დევს. იგივეა ნატოსთან მიმართებაში. უკრაინა აუცილებლად იქნება ნატოს შემდეგი წევრი, წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე, საქართველო კი იმავე ადგილას არ არის. არადა, ცოტა ხნის წინ საქართველო ლიდერი იყო ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში," - ამბობს პავილიონისი "მთავართან".