დაპატიმრებები და სასტიკად ცემა - ეს პოლიციის მთავარი ამოცანა იყო, რომლის შესრულებაც რეჟიმის მცველებმა გამთენიისას დაიწყეს. პარლამენტთან მყოფ ახალგაზრდებზე, რომლებმაც საქართველოსთვის ღამე გაათენეს, პოლიციამ ფაქტობრივად რამდენიმესაათიანი ნადირობა გამოაცხადა. ხშირ შემთხვევაში, აქტივისტებს სრულიად უმიზეზოდ იჭერდნენ და ყველა შემთხვევაში სასტიკად უსწორდებოდნენ. 20-ზე მეტი დაკავებულიდან ფაქტობრივად ყველა ნაცემია. ერთ-ერთი ახალგაზრდა იმდენად მძიმე ანგარიშსწორების სამიზნე გახდა, რომ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოდან ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ყველა დაკავებულის ადვოკატმა უკვე განაცხადა, რომ საჩივრით მიმართეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის დანაშაულის დადგენის მოთხოვნით, თუმცა ეფექტური გამოძიების იმედი არავის აქვს.