
"დღეს დაკავებულებს შორის არიან ჩვენი მხარდამჭერები... ადვოკატის თქმით, ფიზიკური ძალადობის წრე ყველა დაკავებულმა გამოიარა," - ამის შესახებ განცხადებას პოლიტიკური პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლება" ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დაკავებულ მხარდამჭერებს საპოლიციო ძალები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"დღეს პირადად შევესწარით და უმძიმესი კადრებიც ვნახეთ მშვიდობიანი დემონსტრანტების მორიგი არაადამიანური დარბევისა.
დღეს დაკავებულებს შორის არიან ჩვენი მხარდამჭერები: გიორგი კემულარია, მისი ძმა - ლაშა კემულარია, რევი ყურაშვილი და ზურა ხომერიკი.
ადვოკატის თქმით, გიორგი კემულარია არის საკმაოდ ნაცემი. თავზე აღენიშნება სისხლნაჟღენთი, ნეკნები აქვს დაჟეჟილი და სუნთქვის დროს სტკივა, ეტყობა გარე დაზიანებებიც. ე.წ. ,,სამართალდამცველებთან’’ საუბრის დროს ახსენა, რომ იყო “გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი” და ხალხი ამ ძალადობას არ შეარჩენდა, რის შემდეგაც გაცილებით აგრესიულად ექცეოდნენ და დამატებით სცემეს.
ლაშა კემულარიას სახეზე აღენიშნება სიწითლეები და მრავლობითი დაზიანებები ტანის არეში.
ზურა ხომერიკის კადრები (ბმული იხ.კომენტარებში) ვრცელდება, სადაც ნათლად ჩანს, ნიღბიანი სამი ადამიანი როგორ სცემს დაკავების შემდეგ, კორდონს მიღმა.
რევი ყურაშვილს თითის ანაბეჭდით იძულებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ გაახსნევინეს კუთვნილი მობილური ტელეფონი.
ადვოკატის თქმით, ნიღბიანების ჯგროს მიერ ჩარტყმებისა და ფიზიკური ძალადობის წრე ყველა დაკავებულმა გამოიარა," - წერია განცხადებაში.
ფოტო: რადიო თავისუფლება