"სამწუხაროა იმის ხილვა, როგორ იპარავს ქართული კოშმარი ქართველების ოცნებას" | EU-ს დელეგაციის განცხადებები

გამოქვეყნდა:

გაწევრიანების პროცესი ავტომატური არ არის და თუ საქართველოს მთავრობა ირჩევს რუსეთს, მაშინ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ვერ დაიწყება. ასე რომ კანდიდატის სტატუსი, რომლისთვისაც ამდენი ვიბრძოლეთ, უფასურდება - ევროკომისიის თავმჯდომარის ეს გზავნილი დღეს თბილისში, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა გაახმოვანა.

ფინეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ჩეხეთის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებმა, გამართული შეხვედრების შემდეგ მედიისთვის ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ. ევროპული დელეგაციის წევრები ამბობენ, რომ რუსული კანონით ევროკავშირში გაწევრიანების ყველა გზა ჩაიკეტება:

"ჩვენ ვართ საქართველოს მეგობრები და ერთიანნი ვართ იმაში, რომ უნდა იყოს დაცული თავისუფლება, დემოკრატია და კანონის უზენაესობა.  ჩვენ აქ ვართ როგორც საქართველოს მეგობრები და მოკავშირეები. ჩვენ გვაქვს ორი მისია. პირველი არის იმ ხალხის მხარდაჭერა, რომელიც ქუჩაში მშვიდობიან აქციას მართავს ჩვენი ევროპული ფასეულობებისთვის. ევროკავშირი არის უპირველესად ფასეულობების ერთობა და არა უბრალოდ ერთიანი ბაზარი. თავისუფლება, დემოკრატია და კანონის უზენაესობა არის ვალდებულება ყველა ჩვენგანისთვის. სწორედ ამიტომ ვართ მადლობელი იმ ხალხის, ვინც ხმას იმაღლებს თბილისის ქუჩებში.

ჩვენი მეორე მისია არის ერთმანეთის მოსმენა. ჩვენ გვინდოდა თქვენს მთავრობასთან, მმართველ პარტიასთან საუბარი. ჩვენ ვესაუბრეთ ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მაგრამ ჩვენ გაწბილებულები და გაოგნებულები დავრჩით, რომ ჩვენს დელეგაციას არ მიეცა მთავრობასთან შეხვედრის საშუალება, რადგან აღმოჩნდა, რომ მთავრობა ზედმეტად დაკავებულია. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შევხვედროდით, მაგრამ არა პარლამენტში, არამედ ქართული ოცნების შტაბბინაში, რაც ჩვენთვის ასევე ცოტათი გამაღიზიანებელი იყო.

დღეს უცხოელი აგენტების კანონმა მესამე მოსმენაც გაიარა და ჩვენ ამის გამო გაწბილებულები ვართ, რადგან ჩვენ ვიბრძვით, რომ საქართველომ გაიაროს ეს გრძელი და რთული გზა ევროკავშირისკენ. შარშან საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ეს არ იყო ადვილი, რადგან ეს იყო არა საჩუქარი მთავრობისთვის არამედ უფრო სამოქალაქო საზოგადოების წახალისება, იმიტომ რომ თქვენ უნდა ამაყობდეთ თქვენი სამოქალაქო საზოგადოებით. მე არსად არ მინახავს ევროპული ფასეულობებისადმი ასეთი ერთგული სამოქალაქო საზოგადოება, როგორიც საქართველოშია. ეს ხალხი მტერი არ არის, ისინი პარტნიორები არიან. მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ეს მთავრობა ააშენებს ხიდებს სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლარიზაციას დაასრულებს." განაცხადა გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა. 

"მე ყოფილი დიპლომატი ვარ და 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიყავი. მაშინ ჩვენი პრეზიდენტი, ბალტიის სხვა ქვეყნების, ასევე პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთად ჩამოვიდა თბილისში და იდგა იმ ადგილას, სადაც იმედი გვქონდა, რომ რუსულ ტანკებს გავაჩერებდით. ახლა კი, როდესაც ვხედავ, როგორ გამოდიან ქუჩაში ახალგაზრდები, რათა პროტესტი გამოთქვან საკუთარი მთავრობის მიმართ, რომელიც იპარავს მათ მომავალს და ქვეყანას რუსეთისთვის ხსნის, ეს ძალიან მტკივნეულია. 

წამოსვლამდე მე ევროკომისიის თავმჯდომარეს შევხვდი და მან მითხრა, რომ თქვენთვის გადმომეცა: გაწევრიანების პროცესი ავტომატური არ არის და თუ საქართველოს მთავრობა ირჩევს რუსეთს, მაშინ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ვერ დაიწყება. ასე რომ კანდიდატის სტატუსი, რომლისთვისაც ამდენი ვიბრძოლეთ, უფასურდება. 

საქართველომ უკვე წააგო ბრძოლა ნატოს წევრობისთვის. მე ვიყავი ბუქარესტის სამიტზე და ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რომ საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმა მინიჭებოდა. დიახ, ჩვენ პრობლემები გვქონდა გერმანიის დელეგაციასთან. ახლა მიხაელ როთი და გერმანიის ბუნდესტაგის ხუთი პარტია ჩვენთან ერთად არის. მე ვაშინგტონში ვიქნები მალე, რომ უკრაინის ლობირება მოვახდინო ამ საკითხში, მაგრამ მე ვერ მოვახდენ საქართველოს ლობირებას. როგორ უნდა გავაკეთო ეს მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ეს კანონი მიიღო? ასე რომ, ძალიან სამწუხაროა იმის ხილვა, როგორ იპარავს ქართული კოშმარი ქართველების ოცნებას. მე ვიცი, რომ ეს გაფართოების ფანჯარა დაიხურება. და დაიხურება მალე." ამბობს ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი.

"სამწუხაროდ ქართული ოცნების მიერ მედიაში ბევრი ტყუილი გავრცელდა. ერთ-ერთი ტყუილია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება 2030 წლისთვის. მაგრამ სამწუხაროდ, ამ კანონით, რომელიც დღეს იქნა მესამე მოსმენით მიღებული, ეს შეუძლებელი იქნება. მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს მთავრობა არ იღებს გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ამ გადაწყვეტილებას იღებენ წევრი სახელმწიფოები. ჩვენ წარმოვადგენთ ამ სახელმწიფოებს და ახლავე გეუბნებით, რომ ეს შეუძლებელი იქნება, თუ საქართველოს მთავრობა ასეთ გზას აირჩევს. ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ამ კანონს ვეტოს დაადებს და ასევე ვიტოვებთ იმედს, რომ საქართველოს მთავრობა შეწყვეტს ამ კანონის მიღების პროცესს." განაცხადა ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, სებასტიან ტინკინენმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი