პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და დაამტკიცა საარჩევნო კოდექსი ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი, რომლითაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების ასარჩევად დადგენილი მინიმალური 40%-იანი ბარიერი უქმდება, ცვლილების მიღების შემთხვევაში საკრებულოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურები აღარ იარსებებს.
გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, "საქართველოს საარჩევნო კოდექსს" ემატება ნორმა, რომლის მიხედვითაც პარტია უფლებამოსილი გახდება, პარტიული სიის შედგენისას, საარჩევნო ოლქის (ოლქების) ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს პარლამენტის წევრობის კანდიდატი.
პარლამენტის წევრობის კანდიდატი შესაძლებელია განისაზღვროს მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად. ამ შემთხვევაში პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატის გასწვრივ მიეთითება იმ საარჩევნო ოლქის ნომერი, რომელი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატადაც არის იგი წარდგენილი.
"პროექტით მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ნამდვილ ხმას მიიღებს. თუ აღნიშნულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი ხმა ორმა ან ორზე მეტმა კანდიდატმა თანაბარი რაოდენობით მიიღო, ამ კანდიდატთაგან არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც საარჩევნო რეგისტრაცია უფრო ადრე გაიარა", - წერია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.