"კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის" რუსული კანონის დაუყოვნებლივ გაწვევას ითხოვს

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის", რომელიც აერთიანებს საქართველოში ბავშვების და ახალგაზრდების საკითხებზე მომუშავე 50 ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციას, შეშფოთებას გამოთქვამს, საქართველოს პარლამენტის მიერ, სამი მოსმენით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის (რუსული კანონის) მიღების გამო.

განცხადების მიხედვით, გარდა იმისა, რომ კანონი საფრთხეს უქმნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ის უარყოფით ზეგავლენას იქონიებს საქართველოში ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე და მათთვის მომსახურებების მიწოდებაზე.

კოალიცია კანონის გაწვევას ითხოვს.

"გარდა იმისა, რომ აღნიშნული კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის ურყევი ნებაა და ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში, ის ცალსახად ნეგატიურ გავლენას იქონიებს ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით.

საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების მიუხედავად, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის მიერ ნებისმიერი კანონპროექტის ინიცირებისას, კანონპროექტის ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენის შეფასებას, ასეთი შეფასება მოცემული კანონპროექტის შემთხვევაში არ განხორციელებულა და კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნული ჩანაწერის არსებობა („კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე“), არის ფორმალური.

ჩვენი შეფასებით, აღნიშნული კანონი უარყოფით ზეგავლენას იქონიებს საქართველოში ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე და მათთვის მომსახურებების მიწოდებაზე, შემდეგი გარემოებების გამო:

  • ბავშვზე ზრუნვის სფეროს (მზრუნველობამოკლებულ და მიუსაფარ ბავშვთა, სხვადასხვა მოწყვლადი კატეგორიების ბავშვთა და მათი ოჯახების, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების, შშმ ბავშვების) მომსახურებების მიმწოდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელოვან წყაროს (როგორც ფინანსურს, ასევე ექსპერტულს) წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციები, ევროკავშირისა და აშშ-ის მთავრობები და „უცხოური ძალის გავლენის გამტარებელი ორგანიზაციის“ სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, მათი მხრიდან შემცირდება ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის მომსახურების მიმწოდებელი არსამათავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა, რაც გამოიწვევს ადგილობრივი ორგანიზაციების ნაწილის საქმიანობის შეფერხებას, შემცირებას და, რიგ შემთხვევაში კი, ლიკვიდაციას.
  • კანონი გამოიწვევს ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების სტიგმატიზებას და დისკრედიტაციას, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის „უცხოური ძალის გავლენის გამტარებელი ორგანიზაციის” სტატუსის მინიჭების გამო.
  • კანონი ქმნის მომსახურებებში ჩართული ბენეფიციარების პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და გასაჯაროების აშკარა საფრთხეს.
  • ბოლო ათწლეულების განმავლობაში მზრუნველობამოკლებული, შშმ და სხვა მოწყვლადი კატეგორიის ბავშვებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახელმწიფო და მუნიციპალური მომსახურება შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის შედეგად. ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის საქმიანობაში ხელშეშლის, რიგ შემთხვევებში კი მათი გაუქმების შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სხვადასხვა მოწყვლადი კატეგორების ბავშვებისათვის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოებისთვის საჭირო მომსახურების და პროგრამების განვითარებას და სრულფასოვნად მიწოდებას.

მოვითხოვთ, მმართველი ძალის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” დაუყოვნებლივ გაწვევას და ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპრატესობის მინიჭების პრინციპის დაცვით, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან საქართველოში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ერთობლივ მუშაობას".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი