დავით მათიკაშვილს 2016 წლის დეკლარაციაში ჩასაწერი არაფერი ჰქონდა. თუმცა მისი ცხოვრება "ოცნების" დეპუტატობისთანავე შეიცვალა: ბინები თბილისში, ბორჯომსა და ბაკურიანში - ასე გაიზარდა დეკლარაციის ფურცლებიც. "არქი ჯგუფის" სამშენებლო კომპლექსში უკვე დასრულებულია დეპუტატის კუთვნილი 3 საცხოვრებელი ბინა.
ირაკლი სესიაშვილმა სახლის აუზში წყალი უკვე ჩაასხა, შეზლონგებიც დაალაგა, აუზთან ერთად სახლიც დაასრულა და სახურავზე მზის პანელებიც დაამონტაჟა. მისი ოჯახის ჯამური ქონება, სახლები, მიწის ნაკვეთები და მეუღლის ბიზნესები, მილიონ ლარს აღწევს.
ირაკლი შიოლაშვილმა თავად დაადასტურა, რომ მომავალი პარლამენტის სიაში აღარ იქნება, თუმცა თავის შენახვა არ გაუჭირდება. ირაკლი შიოლაშვილი კახეთის გუბერნატორის თანამდებობაზე 2013 წლის 13 დეკემბრიდან 2016 წლის 9 სექტემბრამდე მუშაობდა. ამ თანამდებობაზე ის მაშინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა. დეპუტატის ქონების ჩამონათვალში არსადაა ნახსენები, რომ ის დედოფლისწყაროში სასტუმროს ფლობს და წინანდალში ნაყიდი ათიათასობით კვადრატული მიწის ნაკვეთი მოხვდა.
ოცეულში უკვე არის და პარლამენტშიც მოხვდება გიორგი კახიანი. ზურაბ აბაშიძის სიძეს საცხვრებელი მანამდეც ჰქონდა, თუმცა ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში ქონების რაოდნობა იზრდება: საცხოვრებელი სახლი მცხეთაში, მიწის ნაკვეთი ოქროყანაში, კომერციული ფართი და საცხოვრებელი ბინა თბილისის ერთერთ პრესტიჟულ უბანში.
გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს დავით სონღულაშვილს 2016 წელს კერძო სექტორიდან მისულს, დეპუტატობის პერიოდში ყოფნისას არაერთი მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი ფართი შეემატა.