"ოცნებამ" რუსული კანონი უკვე გაამკაცრა | რას ითვალისწინებს ფარულად შეტანილი ცვლილებები?

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური თაღლითობის კიდევ ერთი მაგალითი ქართული ოცნებისგან. მმართველი პარტია უკვე მერამდენედ ატყუებს საზოგადოებას და სასურველ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს შენიღბულად იღებს. ამჯერად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურმა კლანმა რუსულ კანონში შეიტანა ცვლილება, რომელიც პასუხისმგებლობას ფიზიკურ პირებსაც აკისრებს. ახლა კანონი ნებისმიერი მოქალაქისგან მოითხოვს ინფორმაციას უცხოური დაფინანსების შესახებ. 

ეს ცვლილება ქართულმა ოცნებამ კონსპირაციულად, მეორე მოსმენისას მიიღო. მმართველმა პარტიამ ფაქტობრივად შეცვალა პროცედურა და მომხსენებელმა, ანრი ოხანაშვილმა უბრალოდ სიტყვიერად გააჟღერა ეს ცვლილება. მოხდა ისე, რომ ოპოზიციას არც მეორე მოსმენისას და არც საბოლოო კენჭისყრისას ამ ცვლილებაზე რეაგირება არ ჰქონია. 

კანონის ძალაში შესვლის შემდეგ იუსტიციის სამინისტროს ექნება უფლებამოსილება, რომ  ფიზიკური პირისგან პერსონალური მონაცემები, მათ შორის საიდუმლო ინფორმაციაც მოითხოვოს. იურისტებს მოლოდინი აქვთ , რომ პუტინის მსგავსად, ივანიშვილის გუნდი ფიზიკურ პირებს ჯერ უცხო ქვეყნის გავლენის მატარებლად გამოაცხადებს და შემდეგ მათ არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობასაც აუკრძალავს.  

მმართველი გუნდი ფულადი სანქციებით ემუქრება ყველა ადამიანს, რომელიც მოთხოვნის შემდეგ იუსტიციის სამინისტროს არ მიაწვდის  განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, მათ შორის ინფორმაციას პირადი ცხოვრების შესახებ.  ჯარიმის სახით განსაზღვრულია 5 000 ლარი, რომელსაც იმდენჯერ დააკისრებს რამდენჯერაც მოუნდება. 

კონსტიტუციონალისტების თქმით, გარდა იმისა, რომ რუსული კანონი საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს ეწინააღმდეგება, რაც ევროსტრუქტურებისკენ სწრაფვას გულისხმობს, ახალი ჩანაწერით ქართული ოცნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონსაც არღვევს.

კანონში ფიზიკურ პირთან დაკავშირებული ჩანაწერი სამი მოსმენის დამტკიცების შემდეგ გაჩნდა. მეორე მოსმენით განხილვის დროს ოპოზიციის წევრებს კანონპროექტი პირველადი სახით დაურიგდათ, სადაც არაფერი იყო ნახსენები  ფიზიკურ პირებთან დაკავშირებით. ხელისუფლების ოპონენტები ქართულ ოცნებას ტყუილში ამხელენ.

რუსული კანონის ამოქმედების შემდეგ , მედიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს რეგისტრაციისთვის 30 დღიანი ვადა განესაზღვრებათ. იუსტიციის სამინისტრო კი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირისგან.

ავტორი: ნინო ბალანჩივაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი