თსუ-ში რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტებს "ოცნების" "ტიტუშკები" ფიზიკურად გაუსწორდნენ | ახალგაზრდებზე ძალადობას კობახიძე კვლავ დუმილით შეხვდა

გამოქვეყნდა:

დღეს დილიდან ხმაურია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტებს "ქართული ოცნების" პარტაქტივი ფიზიკურად გაუსწორდა. დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა ახალგაზრდებს დაცვის თანხლებით მყოფმა ირაკლი კობახიძემ ავტომობილით ჩაუარა. ამ დროს მეორე კორპუსთან შეკრებილ სტუდენტებს მოულოდნელად "ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ათობით წევრი მიუვარდა და ცემა დაუწყო.

"ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ კობახიძისთვის გაგვეგონებინა ჩვენი პროტესტის ხმა და ტრადიციულად დაგვახვედრა ორგანიზებული, დანაშაულებრივი ბანდა, ე.წ ტიტუშკები, რომლებიც გადმოვიდნენ პროვოკაციაზე. ჩემს მეგობარ ნიკო მანაგაძეს თავს დაესხნენ. მე მივედი დასახმარებლად...პოლიცია აგერ დგას და თავის მოვალეობას არ ასრულებს. ნუ, კი, თსუ-ს დაცვამ გაგვაშველა, მაგრამ პოლიციას თავისი მოვალეობა ბოლომდე არ შეუსრულებია," - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

"მთავარმა არხმა" მოახერხა 3 პირის იდენტიფიცირება, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ: "ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი გიორგი შუკვანი,  ნიკოლოზ მელიქიშვილი და სანდრო ასათიანი.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. თუმცა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, გოგა მემანიშვილი ამტკიცებს, რომ ცემის ფაქტები არ უნახავს.

"ვის ურტყამენ, ვის? მეორე მხარეს რატომ არ იღებთ? [ჟურნალისტი: ორივე მხარეს ვიღებთ]...აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და მიიღეს პასუხი. ვინ ცემა? [ჟურნალისტი: აქ ახლა ცემა არ გინახავთ?] არა არ მინახავს და არ ყოფილა...დავასრულე მე თქვენთან საუბარი," - აცხადებს მემანიშვილი.

ცნობისთვის, რუსული კანონის მხარდამჭერმა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე დატოვა. მას მედიის კითხვებისთვის არ უპასუხა და ახალგაზრდებზე ძალადობას დუმილით შეხვდა. მასთან ერთად ტერიტორია დატოვეს "ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმაც. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კობახიძის ლექციას დღეს თსუ-ს თითქმის არცერთი სტუდენტი არ დასწრებია. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი