ოპოზიციის მიერ გამართულ მიტინგზე გამოვიდნენ სიტყვით, ეს არის წითელი ხაზი, გამოდიან და ჭკუას გვასწავლიან | ღარიბაშვილის თავდასხმა ევროპელ პარტნიორებზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი დასავლელ პარტნიორებს თავს ესხმის და საგარეო საქმეთა მინისტრების აქციაზე მისვლას "შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში" ჩარევას უწოდებს. ღარიბაშვილის მტკიცებით, "ეს არის წითელი ხაზი" და არა გვერდში დგომა.

"ყველამ იხილეთ ევროპის რამოდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი...
ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, შეხვდა პრემიერმინისტრიც, მე მგონი პარლამენტის თავმჯდომარეც, ყველა შეხვდა ჩვენი გუნდიდან და მათთან გაიმართა ეს დისკუსია. მე მგონი შეხვდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებსაც ცალკე. ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს ადამიანები ოპოზიციის მიერ გამართულ მიტინგზე გამოვიდნენ სიტყვით. აი, რა ჰქვია ახლა ამას თუ არა ასეთი შეურაცხმყოფელი ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში? შეურაცხყოფაა, აბა, რა არის?

თქვენ წარმოადგენთ დამოუკიდებელ საქართველოს. მიუღებელია, რომ ჩამოდის უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, მით უმეტეს, დიპლომატი. ეს დაუწერელი კანონია, მეგობრებო. ეს არის წითელი ხაზი. და როცა გამოდიან და რაღაც ჭკუას გვასწავლიან ოპოზიციის ტრიბუნიდან, ეს არის მიუღებელი. რა გვერდში დგომა, რას მელაპარაკებით, რისი გვერდში დგომა, ეს არის უხეში ჩარევა, ეს არის დარღვევა ყველაფრის საერთოდ. და ამ დროს გველაპარაკებიან მეგობრობაზე. მოეწონებოდათ მაგ ადამიანებს ეხლა რომ ჩავიდეს, მაგალითად, არ ვიცი, ჩვენი გუნდის, რომელიმე დეპუტატი თუ დეპუტატები და გამოვიდნენ მათი ოპოზიციის მიტინგზე. მოეწონებათ ამ ადამიანებს? ჰგონიათ არაფერი აქვთ სათქმელი მათ ოპოზიციას იქ, ქვეყნის შიგნით, რა ხდება. ჩვენ კარგად ვიცით რაც ხდება მათ ქვეყნებში, მაგრამ ჩვენ არ ვერევით მათი ქვეყნის შიდა საქმეებში. რატომ აძლევენ თავს ამდენის უფლებას? ," - აცხადებს ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ ლატვიის, ლიეტუვის,  ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. ისინი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზეც მივიდნენ და ქართველ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

მანამდე, 14 მაისს კი აქციაზე გერმანიის ლიეტუვის, ჩეხეთის, ფინეთისა და პოლონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებიც მივიდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი