ფინანსები, რელიგიური მრწამსი, ჯანმრთელობა და სქესობრივი ცხოვრება | ჩასწორებები რუსულ კანონში და ოლიგარქის ანგარიშსწორების გეგმა მოქალაქეების წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

ნაღმი, რომელიც ანადგურებს საქართველოს მომავალს, მის ევროპულ პერსპექტივას და თაობების შრომასა და ბრძოლას წყალში ყრის. საქართველოს უახლეს ისტორიაში არ მოიძებნება ანალოგი მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი ქმედებისა, რაც საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ რუსული კანონის სახით ჩაიდინა. დიახ, ეს ღალატია ქვეყნის ინტერსებისა, მისი მომავალი თაობებისა და საქართველოს დემოკრატიისა.

ერთი კვირაც არაა გასული მას შემდეგ, რაც პრორუსი ოლიგარქის პარტიამ საქართველოს თავს მოახვია რუსული კანონი, და აღმოჩნდა, რომ ის რეჟიმის ხელში იარაღი გახდება არა მხოლოდ მედიისა და არასამთავრობოების წინააღმდეგ, არამედ ყველა იმ მოქალაქის წინააღმდეგ, რომელიც ხელისუფლებას მორჩილად თავს არ დაუხრის და კრიტიკას გაბედავს. ნაჩქარევად დამტკიცებული კანონში არის ჩანაწერი, რაც ყველა ფიზიკური პირის მიმართ ხელისუფლებას რეპრესიული ზომების გატარების შანსს აძლევს. კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს შეუძლია მოითხოვოს ასეთი ინფორმაცია მოქალაქისგან: 

  • ფიზიკური პირის რასობრივი ან ეთნიკური კუთვნილება;
  • მის პოლიტიკურ შეხედულებები;
  • რელიგიურ და ფილოსოფიურ მრწამსი;
  • პროფესიული კავშირის წევრობა;
  • ჯანმრთელობა;
  • სქესობრივ ცხოვრება;
  • ნასამართლობის ისტორია;
  • ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები;

თუ მოქალაქე არ მიაწვდის აღნიშნულ ინფორმაციას, ის 5000 ლარით დაჯარიმდება, თან ჯარიმაც ისეა გაწერილი, რომ მისი გადახდა გასაჩივრების შემთხვევაშიც კი სავალდებულო ხდება. ერთი სიტყვით, რუსული კანონი რუსულია მთელი თავისი შინაარსით, მუხლებით, სულისკვეთებით და იმ მიზნით, რასაც ის ემსახურება საქართველოს იზოლაცია და დიქტატურის რეჟიმით რუსეთში შეთრევა.

აი ეს იყო და არის ივანიშვილის და მისი პარტიის მიზანი. ახლა, სადავო კანონს პრეზიდენტის ვეტო ადევს, მაგრამ "ქართულ ოცნებას" პარლამენტში მის გადასალახად საკმარისი ხმები აქვს. თუმცა "ოცნების" დეპუტატებსაც საკმარისად აქვთ დრო, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ, თუკი ამისი უნარი ჯერ კიდევ შერჩათ - რას აკეთებენ, და რას უკეთებენ თავის ქვეყანას და გადაწყვიტონ, უღირთ თუ არა პოლიტიკურ და ისტორიულ საფლავში ჩაყვნენ ადამიანს, რომელმაც ამ ქვეყნის სუვერენეტიტეტისა და მომავლის დემონტაჟი ასე ღიად დაიწყო.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი