
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" პოლიტიკური პარტიების მიერ 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით მიღებულ შემოწირულებებს აქვეყნებს.
ორგანიზაციის კვლევით, წინა კვარტლისგან განსხვავებით, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ 10 მილიონ ლარამდე შემოწირულება მიიღო, ამჯერად შემოწირული თანხა 20-ჯერ ნაკლები იყო. თუმცა პარტიის შემომწირველებს შორის კვლავ ფიგურირებდნენ მრავალმილიონიანი სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები.
2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 1,224,111 ლარის შემოწირულება მიიღო, რაც წინა კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელზე რვაჯერ ნაკლებია (10,163,787₾).
პარტიული შემოწირულებების 37% „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო - 447,030 ლარი, მეორე ადგილზეა „ლელო“ 445,500 ლარით, ხოლო მესამეზე — „ნაციონალური მოძრაობა“ 170,720 ლარით.
საანგარიშო პერიოდში 12,800 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო ახალდაარსებულმა ღიად პრორუსულმა პარტიამ „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, რომლის თავმჯდომარეც „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ჭიქაშვილია.
შემომწირველთა რაოდენობის თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს, რომელსაც საანგარიშო პერიოდში 45-ჯერ შეწირეს თანხა, 35 შემოწირულება მიიღო „ლეიბორისტურმა პარტიამ“, ხოლო 31 – პარტიამ „ხალხისთვის“. „ქართულმა ოცნებას“ სულ 23-ჯერ შეწირეს თანხა, თუმცა მის შემომწირველებში მსხვილი დონორების წილი სხვა პარტიებთან შედარებით გაცილებით მაღალი იყო.
2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით „ქართულ ოცნებას“ 23-მა დონორმა ჯამში 447,030 ლარი შეწირა, ამ პირებს სულ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 1.4 მილიონი ლარი აქვთ შეწირული. დონორებთან დაკავშირებულმა ოთხმა კომპანიამ ბოლო 6 თვის მანძილზე 81 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო.