"საქართველო როგორც არასდროს, ახლოსაა დამოუკიდებლობის სრულ დაკარგვასთან...მეგობრებო, რა დროს პარტიული განსხვავებებია" | მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომა ტრადიციულად მესამე პრეზიდენტის მიმართვით დაიწყო, სადაც მან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო არასდროს ყოფილა ასე ახლოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვასთან. მან ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა ყველამ გვერდზე უნდა გადადოს პარტიული განსხვავებები: 

"საქართველო როგორც არასდროს, ახლოსაა დამოუკიდებლობის სრულ დაკარგვასთან, როგორც არასდროს ახლოსაა სახელმწიფოებრიობის გაუქმებასთან. 2008 წელს, როცა რუსეთი იდგა თბილისის კარიბჭესთან, მაშინ ბევრად უფრო მშვიდად ვიყავი და დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას არაფერი ემუქრებოდა და მთელი მსოფლიო გვიჭერდა მხარს, ახლა ჩვენ ჩაგვხსნეს მსოფლიო მხარდაჭერისგან და ახლა ცდილობენ რო გაგვყონ და დაგავანაწევრონ. რონალდ რეიგანმა თქვა, რომ ყოველ დროს ამერიკა არის ერთი თაობის იქით, თავისუფლების დაკარგვისგან. ეს თაობა გამოვიარეთ ჩვენ ბოლო 30 წელი და ჩვენ ვკარგავთ ახლა დამოუკიდებლობას.

ახლა უკვე ახალგაზრდა თაობამ აიტაცა ხელში ეს დროშა. მე ვიწინასწარმეტყველე ჩემ საბოლოო საპრეზიდენტო გამოსვლაში 2013 წელს, რომ ეს თაობა აუცილებლად იტყოდა თავის გადამწყვეტ სიტყვას. ეს ახალგაზრდები არ სვამენ კითხვას, თუ რა იქნება მათი ნაწილი დამოუკიდებელ საქართველოში, ისინი სვამენ კითხვას, იქნება თუ არა საქართველო და სად იქნება საქართველო. ისინი არ წვრილმანდებიან კარიერულ და პირად ეგოისტურ მოსაზრებებზე. 

მე არ მესმის და სასოწარკვეთაში ვვარდები ხოლმე როდესაც იწყებენ ისევ ლაპარაკს პარტიულ განსხვავებებზე. მეგობრებო, რა დროს პარტიული განსხვავებებია, ქვეყანას ვკარგავთ, საქართველო იღუპება, საქართველო აღარ იქნება მსოფლიო რუკაზე. ვის გაახსენდება თქვენ პარტიები და თქვენი პროგრამები. ჩვენ დღეს გვჭირდება როგორც არასდროს ყველა განსხვავების, ყველა წყენის, ყველაფრის დავიწყება...

ჩემი მოწოდება არის ერთობისკენ. ჩვენ ვართ მზად ნებისმიერ დათმობაზე წასვლისთვის: ნეიტრალური ნომერი, საერთო სია. ყველამ უნდა გავაგონოთ საქართველოს ხმა მთელ მსოფლიოს იმიტომ, რომ მსოფლიო აღტაცებით უყურებს საქართველოს. რამდენად აქტიური ვიქნებით, მით უფრო მეტი მხარდაჭერა გვექნება" აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მესამე პრეზიდენტმა "ოცნების" მხარდამჭერებსაც მიმართა და მოუწოდა, გამოეყონ ხელისუფლებას, რომელსაც ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავთ და იფიქრონ ქვეყანაზე და საკუთარ თავზეც.

"ბარბარე რაფალიანცის, 8 თვის ბავშვის სახელობის არის ეს ხელისუფლება არ დაგვავიწყდეს. მოსული არიან სისხლით, მაგრამ  ახლა არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ბარბარე რაფალიანცით გააგრძელონ. არ უნდა მივცეთ საშუალება ესკალაციის და ძალადობის"  აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა "ოცნების" რუსულ პროპაგანდასა და თავდასხმებს საერთაშორისო პარტნიორებსა და მეგობრებზე:

"გვეუბნებიან, რომ ჩვენ სუვერენიტეტი თურმე უნდა დავიცვათ იმათგან, ვინც ჩვენ დაგვიცვა, ე.ი. უნდა ჩავბარდეთ იმას, ვისაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20% და არ მალავს განზრახვას, რომ მთლიანად მოახდინოს საქართველოს ოკუპირება. მოახდინოს რევანში ვარდების რევოლუციის, რევანში იმაზე, რომ ჩვენ გვქონდა თვალსაჩინო წარმატებები. ასეთი მორალური სიცხადე არ ყოფილა არასოდეს. ერთ მხარეს დგას საქართველოს ყოფნა- არყოფნა, მეორე მხარეს დგას საქართველოს ძალიან სწრაფი განვითარება იმიტომ რომ ასე ახლოს არასდროს არ ვყოფილვართ ევროპასთან" განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მესამე პრეზიდენტი რუსული კანონის მიზნებსაც გამოეხმაურა: 

"ამათი გეგმა არის ძალიან მარტივი, ამ კანონის მერე ყველა "ენჯეოს" დახურვა, დამკვირვებლების არშემოშვება, ტელევიზიების დახურვა, თავისუფალი უნივერსიტეტების დახურვა, ადამიანების დაპატიმრება, ან ქვეყნიდან გაძევება, ყველაფერი რუსული სახელმძღვანელოდან და მერე პირდაპირ საქართველოს გაუქმება და რუსეთთან ჩაბარება იმიტომ, რომ შეუწინააღმდეგებელიც არავინ აღარ იქნება" განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი