
თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების გამო, თბილისის პოლიციის დეპარტამენტი, საპოლიციო ძალებისთვის დამატებით 2 000 ჟილეტის შესყიდვას ტენდერის გარეშე გეგმავს. ამის შესახებ შსს-ს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორისადმი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მიერ 2024 წლის 21 მაისს გაგზავნილ წერილშია საუბარი, რომელსაც "ბათუმელები" აქვეყნებს.
"თბილისში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები და დაანონსებულია აქციების გაგრძელება. აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ხორციელდება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა, რა დროსაც მნიშვნელოვანია თანამშრომლებს ეცვათ ერთნაირი მაიდენტიფიცირებელი ჟილეტი შესაბამისი წარწერით და ამრეკლით, რისთვისაც საჭიროა შესყიდული იქნას შესაბამისი დიზაინის ჟილეტი," - წერია განცხადებაში.
შესყიდვის ღირებულება 140 000 ლარია. დეპარტამენტმა გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად შესყიდვების სააგენტოს 21 მაისს მიმართა.
"შესყიდვის ელექტრონული ტენდერით განხორციელებას სჭირდება კანონით დადგენილი ვადები, ასევე შესყიდვის სირთულიდან გამომდინარე ტენდერის პროცედურები საშუალოდ გრძელდება 40 სამუშაო დღემდე, შესყიდვის ობიექტის მოწოდებას ასევე ესაჭიროება დამატებითი ვადა, მიმდინარეობს საპროტესტო აქციებიდან გამომდინარე კი საჭიროა ჟილეტების გაცემა განხორციელდეს უმოკლეს ვადებში," - აღნიშნულია განცხადებაში.
