დასავლელ მოკავშირეებთან უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობის ფონზე კრემლი ისევ ღია მხარდაჭერას გამოხატავს ოლიგარქიული რეჟიმის მიმართ. ოფიციალური თბილისისა და მოსკოვის შეფასებები კვლავ იდენტურია. ამჯერად, ივანიშვილის გუნდს რუსეთის დუმიდან აქებენ. ანდრეი ლუგავოი, რომელიც 2012 წელს რუსეთში მიღებული რეპრესიული კანონის ერთ-ერთი თანაავტორია, აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღება შეიძლება სასარგებლო ნაბიჯი იყოს. სახელმწიფო სათათბიროს უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შეფასებით, ეს საშუალებას მისცემს ქართველ ხალხს გააცნობიეროს, რომ დასავლეთი ცდილობს მათ პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობა ჩამოართვას.