ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან აშშ-ის გადაწყვეტილებას, რომელიც რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებსა და მათ ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვებს შეეხება.
"ახალის" თანათავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ აშშ კიდევ უფრო ძლიერ აქტებს დაუჭერს მხარს მოგვიანებით:
"ეს არის მხოლოდ პირველი აქტი ქართველი ხალხისათვის მხარდაჭერილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. რამდენიმე სხვა, დამატებითი და კიდევ უფრო ძლიერი მხარდაჭერილი აქტი იქნება მოგვიანებით, რასაც გუშინ ჩვენ, ყველა გავეცანით. მნიშვნელოვანია ახლა ამ ხელისუფლების ძალიან მტკიცედ ჩამოშორება მართვის სადავეებიდან. და ძალიან სწრაფად, თქვენ წარმოიდგინეთ, გაღრმავდება ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან."
"ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ეს არის "სამუდამო დამღა" ჩვენი ქვეყნისა და მისი საერთაშორისო იმიჯისთვის. დეკანოიძე ხელისუფლების წარმომადგენლებს ურჩევს, რომ მძიმე მდგომარეობაში არ ჩააყენონ მათი ოჯახის წევრები.
"მე შემიძლია კიდევ ერთხელ, ადამიანურად ვურჩიო, რომ, ნუ, ჩაჰყვებიან შეშლილ ოლიგარქს და ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ნუ, ჩააყენებენ საკუთარი ოჯახის წევრებს. იმიტომ, რომ ეს არის სამუდამო დამღა. მათ შორის, ჩვენი ქვეყნისთვის და საერთაშორისო რეპუტაციისთვის და იმიჯისთვის. ყველას უნდა ესმოდეს, რომ სანამ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება იქნება, და რა თქმა უნდა, ეს, პირველ რიგში, გადის იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ივანიშვილი ძალაუფლებიდან ჩამოვიცილოთ, საქართველო დარჩება მთავარი სტრატეგიული პარტნიორობის გარეშე. ასევე, თქვენ იცით, რომ საუბარია ევროპაში სანქციებზე, ასევე საუბარია ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე და საუბარია ყველა იმ პაკეტის გაყინვაზე, რომელიც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს," - ამბობს დეკანოიძე.
"ლელოს" დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის თქმით კი, აშშ-ის მხრიდან მაღალჩინოსნებისთვის დაწესებული სანქციები იმის დადასტურებაა, რომ "ამერიკა რჩება საქართველოს, ხალხის, სანდო პარტნიორად."
"ის მხარს დაუჭერს საქართველოს მოქალაქეების სწრაფვას დემოკრატიის და ევროატლანტიკური მიზნებისკენ, რაც არის ჩვენი კონსტიტუციით განმტკიცებული სახელმწიფო კურსი. ხოლო მათ, ვინც ღალატობს კონსტიტუციას, ღალატობს ქართველი ხალხის ნებას და მტრობს საქართველოს და აშშ-ს მეგობრობას და პარტნიორობას, მათ მოუწევთ, ინდივიდუალურ სანქციებს გაუსწორონ თვალი. ასევე, მათი ოჯახის წევრებს," - აცხადებს ნაცვლიშვილი.